ბრიტანეთის იმპერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანეთის იმპერია — დომინიონთა, პროტექტორატთა, კოლონიათა, მანტადთა და სხვა ტერიტორიების ერთობა, რომლებზეც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ვრცელდებოდა. იმპერიას დასაბამი მისცა ზღვისიქითურმა სამფლობელოებმა და სავაჭრო წერტილებმა, რომელთა დაარსებაც ინგლისმა XVI – XVIII საუკუნეებში მოახერხა. ძლევამოსილების პიკის დროს ბრიტანეთის იმპერია მსოფლიო ისტორიაში ფართობით უდიდესი იმპერია იყო და წარმოადგენდა მსოფლიოს უმთავრეს სახელმწიფოს.[1] 1913 წლისთვის ბრიტანეთის იმპერიას გავლენა ჰქონდა 412 მილიონ ადამიანზე (იმ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის 23%),[2] ხოლო ტერიტორიის ფართობი იყო 35,500,000 კვ.კმ[3] (ხმელეთის 24%),[4] რის შედეგადაც გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური და საკანონდმებლო სისტემა, ისევე როგორც ენათმეცნიერება და კულტურა ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ყოფილ კოლონიებში და დომინიონებში. იმპერიის „ოქროს ხანაში“ მას მოიხსენიებდნენ, როგორც „იმპერიას, რომელზეც მზე არასდროს ჩადის“ (ინგლ. The empire on which the sun never sets) — უდიდესი ფართობის გამო, დღის ნებისმიერ დროს ბრიტანეთის იმპერიის ერთ ტერიტორიაზე მზე მაინც ანათებდა.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს, XV და XVI საუკუნეებში ესპანეთმა და პორტუგალიამ, ზღვისიქითი აღმოჩენების პიონერებმა, აღმოჩენების პროცესში დიდი ზღვისიქითი იმპერიების შექმნა მოახერხეს. მალევე მათ მაგალითს მიჰბაძეს ინგლისმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა: სამმა ევროპულმა სახელმწიფომ თავისი კოლონიები დააარსა როგორც ამერიკაში, ისევე აზიაში.[5] XVII და XVIII საუკუნეში ადგილი ჰქონდა არაერთ ომს წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელთა შედეგადაც ინგლისი (მოგვიანებით კი 1707 წლის ინგლის-შოტლანდიის უნიის აქტის შედეგად წარმოქმნილი დიდი ბრიტანეთი) დომინანტი კოლონიალური იმპერია გახდა ამერიკასა და აზიაში.
ამერიკის ომმა დამოუკიდებლობისთვის ცამეტი კოლონიის დამოუკიდებლობა განაპირობა, რის შედეგადაც იმპერიამ ამერიკაში თავისი უძველესი და ყველაზე დასახლებული კოლონიების ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ ბრიტანეთმა ყურადღება მიაქცია აზიას, აფრიკას და წყნარ ოკეანეს. საფრანგეთის რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში (1792–1815) ფრანგების დამარცხების შემდეგ ბრიტანეთი XIX საუკუნის უმთავრესი საზღვაო ძალა და უძლირესი იმპერია გახდა.[6] ზღვაში დაუმარცხებლობით გამოწვეულ დომინაციას მოგვიანებით შეარქვეს Pax Britannica („ბრიტანული მშვიდობა“). ამ პერიოდში, ანუ, 1815 – 1914 წლებში, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში შედარებით მშვიდობა იყო, იმპერია მსოფლიო ჰეგემონი იყო და ამავდროულად ასრულებდა „მსოფლიო პოლიციელის“ როლს.[7][8][9][10] XIX საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბრიტანეთის ტრანსფორმაცია დაიწყო. 1851 წლის დიდი გამოფენის დროს ბრიტანეთი აღწერეს, როგორც „მსოფლიოს სახელოსნო“ (ინგლ. Workshop of the world).[11] ბრიტანეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ იყო ინდოეთი, აფრიკის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა ტერიტორიები, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ბრიტანეთი აკონტროლებდა მსოფლიო ვაჭრობას და შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონების ეკონომიკასაც.[12][13] იმპერიის შიგნით ძირითადი პოლიტიკური პოზიციები მხარს უჭერდნენ თავისუფალ ვაჭრობას, Laissez-faire-ს და საარჩევნო უფლების თანდათანობით გაფართოებას. ამ საუკუნეში მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ თანდაყოლილი ჩქარი ურბანიზაციით ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობა გამოიწვია.[14] ამავე დროს, კონსერვატიულმა პარტიამ ბენჯამინ დისრაელის ხემძღვანელობის ქვეშ, ახალი ბაზრის და ნედლეულის მოსაპოვებლად წამოიწყო ექსპანსიის პერიოდი, რომელშიც ბრიტანეთის იმპერიას შეემატა ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა და სხვ. ამავე დროს, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია გახდნენ თვითმმართველი დომინიონები.[15]
XX საუკუნის დასაწყისისათვის ბრიტანეთის ეკონომიკას გამოუჩნდა კონკურენტები — გერმანიის იმპერია და ამერიკის შეერთებული შტატები. ბრიტანეთის და გერმანიის შემდგომი ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რომლის დროსაც დიდი დატვირთვა გადაიტანა ბრიტანეთის ფინანსურმა, ადამიანურმა და სამხედრო რესურსებმა. ომში გამარჯვების შედეგად ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერიტორიული გაფართოების მიუხედავად, ბრიტანეთი აღარ იყო მსოფლიოს პირველი სამხედრო, ან კიდევ, ინდუსტრიული ძალა. მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის კოლონიები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იაპონიის იმპერიამ დაიპყრო. მიუხედავად საბოლოო გამარჯვებისა, იმპერიის პრესტიჟი დაეცა, რის შედეგადაც მისი დაშლა სწრაფად დაიწყო — უკვე 1947 წელს დამოუკიდებელი გახდა ინდოეთი. ინდოეთის შემდეგ დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელნი გახდნენ სხვა კოლონიებიც. 1997 წელს ბრიტანული ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემა ბევრისთვის იმპერიის აღსასრულის ნიშანი გახდა,[16][17][18][19] თუმცა, 14 ზღვისიქითა ტერიტორია დღემდე რჩება ბრიტანეთის ხელისუფლების ქვეშ. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი ქვეყანა გაწევრიანდა ერთა თანამეგობრობაში, რომლებსაც ყავთ საერთო მონარქი — ელისაბედ II.