წყნარი ოკეანე
ოკეანე / From Wikipedia, the free encyclopedia
წყნარი ოკეანე — დედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანე. მდებარეობს დასავლეთით — ევრაზიასა და ავსტრალიას, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით; ინდოეთის ოკეანესთან საზღვარი გადის მალაკის სრუტის ჩრდილო კიდეზე, გაუყვება კუნძულ სუმატრის დასავლეთ ნაპირს, კუნძულების იავის, ტიმორისა და ახალი გვინეის სამხრეთ ნაპირებს, ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის აღმოსავლეთ ნაპირს და წყალქვეშა შემაღლებით უერთდება ანტარქტიდის ოტსის ნაპირს, ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის სენტ-ჩარლზის კონცხიდან ცეცხლოვან მიწამდე.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „წყნარი ოკეანე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. წყნარი ოკეანე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
წყნარი ოკეანე | |
---|---|
წყნარი ოკეანე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ტიპი | ოკეანე |
გეოგრაფიული კოორდინატები | 00°00′00″ ჩ. გ. 160°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 178 684 000 კმ² |
მოცულობა | 710,36 ათ. კმ³ |
საშუალო სიღრმე | 3984 მ |
უდიდესი სიღრმე | 10 994 მ |
სიგრძე | 15,8 ათ. კმ |
სიგანე | 19,5 ათ. კმ |
კუნძული | 10 ათ. |
კუნძულების ფართობი | 1,26 მლნ. კმ² |
ნალექები | ეკვატორთან 3000 მმ ანტარქტიდასთან 100 მმ |
კლიმატი | თითქმის ყველა კლიმატური ზონა |
წყლის ტემპერატურა | 19,37 °C |
მარილიანობა | მაქსიმალური 35,5-35,6 ‰ |
წყნარი ოკეანე და კონტინენტები |
წყნარი ოკეანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დააახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 19,5 ათას კილომეტრზე. ფართობი ზღვებთან ერთად — 178,684 მლნ. კმ², საშუალო სიღრმე — 3984 მ. წყნარი ოკეანის მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 10 994 მ აღწევს. აღნიშნული სიღრმე დაფიქსირებულია მარიანას ღარში. წყნარი ოკეანის გავლით დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მლნ. კმ²-ით ჭარბობს მსოფლიო ხმელეთის საერთო ფართობს.[1]
წყნარი ოკეანე მოქცეულია ყველა ნახევარსფეროში. სანაპირო ხაზი ძლიერ არის დანაწევრებული დასავლეთით და გასწორებულია ამერიკის სანაპიროებთან. ყველაზე მეტად გადაჭიმულია ეკვატორულ-ტროპიკულ სარტყელში, — 19,5 ათ. კილომეტრზე, რაც განაპირობებს მის მზის ენერგიის გიგანტური აკუმულატორის როლს დედამიწაზე. ეკვატორი წყნარ ოკეანეს ანაწილებს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანედ და სამხრეთ წყნარ ოკეანედ.[2] მარიანას ღარი განფენილია ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და არის მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი.[3]
წყნარი ოკეანის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია ერთ ლითოსფერულ ფილაზე. საზღვრებზე სეისმური სარტყლებია. შელფი არც თუ ისე დიდია, განაპია მხარეებზე არის 25 ღრმა ზღვის ღარი. კუნძულთა რკალები და წყალქვეშა ქედები ოკეანეს გამოჰყოფენ განაპირა ზღვებისაგან და ოკეანის საგებს ყოფენ მრავალრიცხოვან დიდ და პატარა ქვაბულებად, რომელთა უმეტესობას აქვს ღრმაწყლიანი ღარი, რომელთა სიღრმე 6 ათ. მ აღემატება. წყნარი ოკეანის დამახასიათებელი თავისებურება სხვა ოკეანეებთან შედარებით არის მრავალრიცხოვანი კუნძულების არსებობა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. სულ წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,26 მლნ. კმ².[4]
წყნარ ოკეანის ზღვებიდან აღსანიშნავია: არაფურის ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ბალის ზღვა, ბანდის ზღვა, ბერინგის ზღვა, ბისმარკის ზღვა, ვისაიანის ზღვა, იავის ზღვა, იაპონიის ზღვა, იაპონიის შიგა ზღვა, კამოტესის ზღვა, კოროს ზღვა, მარჯნის ზღვა, მინდანაოს ზღვა, მოლუკის ზღვა, ოხოტის ზღვა, სამარის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სავუს ზღვა, სერამის ზღვა, სიბუიანის ზღვა, სოლომონის ზღვა, სულავესის ზღვა, სულუს ზღვა, ტასმანის ზღვა, ფილიპინის ზღვა, ფიჯის ზღვა, ყვითელი ზღვა, ფლორესის ზღვა, ჩილეს ზღვა, ჰალმაჰერის ზღვა. ოკეანის დასავლეთ ნაწილში ბევრია განაპირა ზღვა.[5]
წყნარი ოკეანის კიდეებზე განლაგებულია მნიშვნელოვანი არქიპელაგები და კუნძულთა ჯგუფები — ალეუტის, კურილის, სახალინის, იაპონიის, ფილიპინის, მოლუკის, ზონდის, ფიჯის, ტონგის, ახალი ზელანდიისა და სხვა. ღია ოკეანეში არის მარკიზის, ჰავაის, საზოგადოების, სამოის, გალაპაგოსისა და სხვა კუნძულები. ბევრია მარჯნისა და ვულკანური წარმოშობის კუნძული, რომელთა შორის აღსანიშნავია: მარშალის, გილბერტის, ტოკელაუ, ფენიქსი, ტუამოტუ და სხვა, აგრეთვე აზევებული რიფები — მარკუსი, უეიკი, ნაურუ, ბანაბა, პენრინი და სხვა. წყნარი ოკეანის ნაპირები უმთავრესად ფიორდული და აბრაზიულია ხასიათისაა, ტროპიკულ ზონაში — მარჯნული.[1]
მართალია აზიისა და ოკეანეთის ხალხი წყნარ ოკეანეში ისტორიამდელი ეპოქიდან მოყოლებული მოგზაურობდა, თუმცაღა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი პირველად ევროპელებმა შეამჩნიეს XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გადაკვეთა პანამის ყელი 1513 წელს და აღმოაჩინა დიდი „სამხრეთის ზღვა“, რომელსაც ესპანურად უწოდა „Mar del Sur“. ოკეანის ამჟამინდელი სახელწოდება დაამკვიდრა პორტუგალიელმა მოგზაურმა ფერნანდო მაგელანმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისას 1521 წელს, როდესაც წააწყდა ოკეანისკენ მიმავალ ხელსაყრელ ქარებს. მან ოკეანეს უწოდა „Mar Pacífico“, რომელიც პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე აღნიშნავს „წყნარ ზღვას“.[6]