ატლანტის ოკეანე
ოკეანე / From Wikipedia, the free encyclopedia
ატლანტის ოკეანე — სიდიდით მეორე ოკეანე დედამიწაზე. მდებარეობს აღმოსავლეთით — ევროპას, აფრიკას, ჩრდილოეთით — გრენლანდიას, ისლანდიას, დასავლეთით — ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ატლანტის ოკეანის საზღვარი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან ჰუდსონის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელთან იწყება, გადის დეივისისა და დანიის სრუტეებზე, გერპირის კონცხზე, ფუგლოისა და მაკლ-ფლაგის კუნძულებზე და აღწევს ნახევარკუნძულ სტატლანს. წყნარსა და ატლანტის ოკეანეებს შორის საზღვარი გადის ჰორნის კონცხიდან დასავლეთ გრძედის 68°04′ მერიდიანზე, ხოლო ინდოეთის ოკეანესთან — კეთილი იმედის კონცხის მერიდიანზე ანტარქტიდამდე.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ატლანტის ოკეანე | |
---|---|
ატლანტის ოკეანე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ტიპი | ოკეანე |
გეოგრაფიული კოორდინატები | 00°00′00″ ჩ. გ. 25°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 106 460 000 კმ² |
მოცულობა | 310 410,9 ათ. კმ³ |
საშუალო სიღრმე | 3646 მ |
უდიდესი სიღრმე | 8376 მ |
სიგანე | 2,8–4,8 ათ. კმ |
მარილიანობა | მაქსიმალური 36 ‰ |
ატლანტის ოკეანე |
ატლანტის ოკეანე გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 15 ათას კმ-ზე, მინიმალური სიგანე დაახლოებით 2830 კმ, მაქსიმალური სიგანე 6700 კმ (ჩრდილო განედის 30° პარალელზე). ატლანტის ოკეანის ფართობი ზღვებთან, ყურეებთან და სრუტეებთან ერთად აღწევს 91,66 მლნ. კმ²-ს, მათ გარეშე 76,97 მლნ. კმ²-ს. წყლის მოცულობა 329,66 მლნ. კმ³, ზღვების, ყურეებისა და სრუტეების გარეშე 300,19 მლნ. კმ³. საშუალო სიღრმე 3597 მ, მაქსიმალური სიღრმე 8742 მ.
ატლანტის ოკეანის აუზშია მრავალრიცხოვანი ზღვები, რომელთა შორის აღსანიშნავია: ბალტიის ზღვა, აზოვის ზღვა, შავი ზღვა, მარმარილოს ზღვა, ხმელთაშუა ზღვა (უკანასკნელში თავის მხრივ, გამოიყოფა: ადრიატიკის ზღვა, ალბორანის ზღვა, ბალეარის ზღვა, იონიის ზღვა, კვიპროსის ზღვა, ლიგურიის ზღვა, ტირენიის ზღვა, ეგეოსის ზღვა); ირლანდიის ზღვა, ლაბრადორის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, სარგასოს ზღვა, კარიბის ზღვა, სკოშის ზღვა და სხვა.
ატლანტის ოკეანის უდიდესი ყურეებია: ბისკაიის ყურე, ბრისტოლის ყურე, გვინეის ყურე, მექსიკის ყურე, მენის ყურე, წმინდა ლავრენტის ყურე. ოკეანის მნიშვნელოვანი სრუტეებია: დიდი ბელტის სრუტე, ბოსფორის სრუტე, გიბრალტარის სრუტე, დარდანელის სრუტე, დანიის სრუტე, დეივისის სრუტე, დრეიკის სრუტე, ერესუნი, კაბოტის სრუტე, კატეგატის სრუტე, ქერჩის სრუტე, ლა-მანში, მცირე ბელტის სრუტე, მენის სრუტე, სკაგერაკი, ფლორიდის სრუტე, იუკატანის სრუტე.
სხვა ოკეანეებისაგან განსხვავებით, ატლანტის ოკეანეში ცოტაა წყალქვეშა მთები, გაიოტები და მარჯნის რიფები, კუნძულების საერთო ფართობია დაახლოებით 1070 კმ². კუნძულთა ძირითადი ჯგუფები განლაგებულია კონტინენტების კიდეებზე: ბრიტანეთის კუნძულები, დიდი ანტილის კუნძულები, ნიუფაუნდლენდი, ისლანდია, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, მარაჟო, სიცილია, სარდინია, მცირე ანტილის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ბაჰამის კუნძულები და სხვა. ღია ოკეანეშია აზორის კუნძულები, სან-პაულუ, ამაღლების კუნძული, ტრისტან-და-კუნია, ბუვე და სხვა.
ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომში ატლანტის ოკეანე დაყოფილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ატლანტის ოკეანეებად, თუმცა უფრო მიღებულია მისი წარმოდგენა როგორც ერთი მთლიანი ოკეანე. ატლანტის ოკეანე ოკეანეთა შორის ბიოლოგურად ყველაზე უფრო პროდუქტიულია. მასში განლაგებულია ყველაზე ვრცელი წყალქვეშა ოკეანური ქედი — შუაატლანტიკური ქედი.
ერთადერთი ზღვა, რომელსაც არ აქვს მყარი ნაპირები და შემოზღუდულია დინებებით არის სარგასოს ზღვა; ფანდის ყურეში ფიქსირდება ყველაზე დიდი მოქცევა; ატლანტის ოკეანის აუზს განეკუთვნება შავი ზღვა თავისი უნიკალური გოგირდწყალბადიანი ფენით. ოკეანის თანამედროვე სახელწოდება გაჩნდა 1507 წელს კარტოგრაფ მარტინ ვალდზეემიულერის რუკაზე. სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ტიტანის ატლანტის მიხედვით.