დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ათვლა ხდება XV საუკუნიდან და გრძელდება XVII საუკუნემდე. ამ პერიოდში ევროპელთა მიერ აღმოჩენილი იქნა მრავალი ახალი მიწა თუ ამა თუ იმ მიწის საზღვაო მარშრუტი. გამოკვლეული იქნა აფრიკა, ამერიკა, აზია და ოკეანეთი. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაიწყო ზღვის მარშრუტებით ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება.[1][2] ისტორიკოსები ამ პერიოდს აგრეთვე „აღმოჩენების ეპოქას“ უწოდებენ[3][4]. ეს პერიოდი აგრეთვე ცნობილია ოქროს, ვერცხლისა და სანელებლებით ვაჭრობით.[5]
აღმოჩენათა ეპოქა არის შუა საუკუნეთა და თანამედროვე ეპოქას შორის ერთგვარი ხიდი, რენესანსული მოძრაობით, რომელმაც ადრეული თანამედროვე პერიოდის დადგომა გამოიწვია. ევროპის ექსპანსიას უცხო ქვეყნებში მოჰყვა კოლონიალურ იმპერიათა აღმოცენება. ამას ახლდა მცენარეთა, ცხოველთა, საკვების, ადამიანთა (მათ შორის, მონების), სხვადასხვა ინფექციებისა და კულტურების მიმოქცევა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკოლოგიის, აგრიკულტურისა და კულტურის ისტორიაში. ამით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ახალი მსოფლმხედველობების ჩამოყალიბება, უცხო ცივილიზაციათა დაახლოება და ტერიტორიების დაყოფა.