ინდონეზია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზია, ოფიციალურად ინდონეზიის რესპუბლიკა (ინდონ. Republik Indonesia) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ინდონეზია არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს.[2] იყოფა 33 პროვინციად. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია რესპუბლიკაა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და პრეზიდენტით. დედაქალაქია ჯაკარტა. სახმელეთო საზღვარი აქვს პაპუა ახალ გვინეასთან, აღმოსავლეთ ტიმორთან და მალაიზიასთან. სხვა არაპირდაპირ მეზობელ ქვეყნებად მიიჩნევა სინგაპური, ფილიპინები, ავსტრალია, პალაუ, და ინდოეთის კუთვნილი ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და დიდი ოცეულის წევრია. ინდონეზიის ეკონომიკა მეთექვსმეტე უდიდესია მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ და მეთხუთმეტე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ.
ინდონეზიის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Bhinneka Tunggal Ika „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ |
||||||
ჰიმნი: Indonesia Raya „დიდი ინდონეზია“ |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ჯაკარტა 6°10′ ს. გ. 106°49′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინდონეზიური | |||||
რელიგია | ისლამი - 88 %, ქრისტიანობა - 8,7 %, ინდუიზმი - 2 % | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ჯოკო ვიდოდო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 904 569 კმ2 (მე-15) | ||||
- | წყალი (%) | 4,85 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 237 424 363 (მე-4) | ||||
- | 2011 აღწერა | 237 424 363[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 123,76 კაცი/კმ2 (84-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $1,124 ტრილიონი[1] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $4666[1] | ||||
აგი (2007) | 0.617 (საშუალო) (124-ე) | |||||
ვალუტა | რუპია (IDR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC 07:00-დან UTC+09:00-მდე | |||||
ქვეყნის კოდი | IDN | |||||
Internet TLD | .id | |||||
სატელეფონო კოდი | +62 |
ინდონეზიის არქიპელაგი მნიშვნელოვანი სავაჭრო რეგიონი იყო VII საუკუნიდან, როდესაც ჯერ შრივიჯაიის და შემდეგ მაჯაპაჰიტის იმპერიები ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან. ახ. წ.–ის საწყის საუკუნეებში ადგილობრივი მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც გამობრწყინდა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოები. ინდონეზიის ისტორიაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა უცხოურმა სახელმწიფომ, რომელთაც მისი ბუნებრივი რესურსები იზიდავდა. მუსლიმმა ვაჭრებმა მოიტანეს ისლამი, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქრისტიანობა; აღმოჩენების საუკუნეში მათ ერთმანეთში ბრძოლა ატეხეს მოლუკის კუნძულებზე სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზების მიზნით. ამის შემდეგ, ჰოლანდიური კოლონიალიზმიდან ინდონეზიამ დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. მისი ისტორია ამის შემდეგ სავსეა მშფოთვარე პერიოდებით, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, სეპარატიზმით, დემოკრატიზაციის პროცესითა და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდებით.
მრავალკუნძულოვანი ინდონეზია შედგება ასობით განსხვავებული ადგილობრივი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფებისგან. უმსხვილესი და პოლიტიკურად დომინანტი ეთნიკური ჯგუფია იაველები. განვითარებულია საზიარო იდენტობა, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო ენით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რელიგიური პლურალიზმით მუსლიმი მოსახლეობის დომინირების შიგნით, კოლონიალიზმის ისტორიითა და მის წინააღმდეგ აჯანყებით. ინდონეზიის ეროვნული დევიზია „Bhinneka Tunggal Ika“ („ერთიანობა მრავალფეროვნებაში“), რაც წარმოაჩენს ქვეყნის მრავალფეროვნებას. მიუხედავად დიდი მოსახლეობისა და მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა, ინდონეზიას მაინც აქვს ვრცელი მიუვალი, ველური ადგილები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების მეორე უმაღლესი დონით გამოირჩევა მსოფლიოში. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მაღალ დონეზე რჩება სიღარიბე.[3][4]