საპრეზიდენტო რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
საპრეზიდენტო სისტემა — რესპუბლიკური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთი ფორმა. ისტორიულად საპრეზიდენტო სისტემა შეიქმნა, როგორც მონარქიის, ისე პარლამენტარიზმის ალტერნატივა. საპრეზიდენტო მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1787 წელს წარმოიშვა. საპრეზიდენტო სისტემის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელ თვისებას ძალაუფლების გამიჯვნა წარმოადგენს. საპრეზიდენტო სისტემა თითოეულ შტოს თითო ძირითად ფუნქციას გადასცემს. პარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციითაა აღჭურვილი, პრეზიდენტი — აღმასრულებელი ხელისუფლებით, სასამართლო კი — სამართალშეფარდებითი ფუნქციით. პრეზიდენტი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას ფიქსირებული ვადით. პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ხალხის მიერ პირდაპირ ან საარჩევნო კოლეგიის მიერ, ანუ მას დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის წყარო აქვს და იგი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ნებას არ უკავშირდება.
საპრეზიდენტო სისტემები თავის მხრივ მრავალ ქვესახეობად იყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნახევრად საპრეზიდენტო სიტემაა. ასევე ცნობილია სხვადასხვა ჰიბრიდული სისტემები, რომლებშიც ფიგურირებენ პრეზიდენტები.
ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა, იგივე პრემიერ-საპრეზიდენტო, შერეული სისტემა ანუ დუალისტური აღმსრულებლის სისტემა არის სისტემა, სადაც პრეზიდენტი თანაცხოვრობს პრემიერ მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ხოლო ეს უკანასკნელნი (პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად) საკანონმდებლო ორგანოს წინაშე არიან პასუხისმგებლები. ეს სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკისგან განსხვავდება, ძირითადად სახელმწიფოს მეთაურის არჩევითი ხასიათის გამო, რომელსაც ცერემონიალურ ფიგურაზე მეტი დანიშნულება გააჩნია.