შუა ამერიკა (რეგიონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
შუა ამერიკა — რეგიონი ამერიკის შუა განედებზე. ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში ის მოიცავს მექსიკას, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებსა და კარიბის ზღვის აუზს. ტერმინის თვალსაწიერი ძალზედ მრავალფეროვანია. ზოგჯერ, შუა ამერიკას მიაკუთვნებენ კოლუმბიასა და ვენესუელასაც. იშვიათად, რეგიონში არ შეჰყავთ კარიბის აუზი, ზოგჯერ კი მიაკუთვნებენ გვიანასაც.[1][2][3]
შუა ამერიკა | |
---|---|
ფართობი | 2 728 827 კმ² |
მოსახლეობა | 188 187 764 |
ქვეყნები | 21 |
ენები | ესპანური, ინგლისური, მაიას ენები, ფრანგული, ჰაიტური კრეოლური, ანტილიური კრეოლური და სხვა. |
სასაათო სარტყელი | UTC-4 – UTC-8 |
ფიზიოგრაფიულად, შუა ამერიკა გარდამავალი ტერიტორიაა ჩრდილოეთ ამერიკის დარჩენილ ნაწილსა და სამხრეთ ამერიკას შორის.[4] დასავლეთიდან, შუა ამერიკის კონტინენტური ნაწილი მოიცავს შევიწროვებული ყელის ზოლს, აშშ-ის სამხრეთში მდებარე კლდოვანი მთების სამხრეთ ნაწილსა და კოლუმბიაში მდებარე ანდების ჩრდილოეთ კიდეს შორის;[5] ერთმანეთისგან გამოყოფს წყნარ და ატლანტის ოკეანეებს. აღმოსავლეთით კი ასევე მოიცავს დიდ და მცირე ანტილებს.[4] რეგიონი განვითარდა ადრეულ ცარცულ სისტემაში, ჩრდილოეთ ამერიკიდან სუბაერიული სამხრეთის მიმართულებით, როგორც ვულკანური სარტყელის კომპლექსური სისტემა; ამის შემდეგ, პლიოცენის ეპოქაში, თანდათან ჩამოყალიბდა მიწის ხიდი, როდესაც სამხრეთი დაბოლოება (პანამასთან) ტექტონიკური მოქმედებების შედეგად შეეჯახა სამხრეთ ამერიკას.[6]
ხანდახან, ტერმინ „შუა ამერიკას“ „ცენტრალური ამერიკის“ სინონიმად იყენებენ.[3] ინგლისურ ენაში ტერმინის სინონიმად იყენებენ მესოამერიკას,[5][7] რომელიც ზოგადად აღნიშნავს კულტურულ რეგიონს ცენტრალური მექსიკიდან ჩრდილოეთ კოსტა-რიკამდე.[8]