სალომე ზურაბიშვილი
ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, პარიზი) — საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2016-2018 წლებში), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბიშვილი. |
საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა.[2]
სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.
2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქათველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
2018 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა ამჯერადაც დამოუკიდებლად, უპარტიოდ წარადგინა, თუმცა კვლავ მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნები მან მე-2 ტურში საბოლოოდ მოიგო და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა 6 წლის ვადით ეკავება. ის არის აგრეთვე საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.