საქართველოს კონსტიტუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან[1].
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „საქართველოს კონსტიტუცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. საქართველოს კონსტიტუცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
საქართველოს კონსტიტუცია | |
---|---|
საქართველოს კონსტიტუცია | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 2 ივლისი, 1995 |
რატიფიკაცია | 24 აგვისტო, 1995 |
შენახვის ადგილი | საქართველოს პარლამენტი |
იურისდიქცია | საქართველო |
ავტორი | საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია |
ხელისმომწერნი | საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრები |
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით[2], საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა[3]. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით[4].
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს[5]. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით[6].
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას[7].