ტაკინი
წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ტაკინი (ლათ. Budorcas taxicolor) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობა ამავე სახელწოდების მქონე გვარში. ბჰუტანის ეროვნული ცხოველი.[1]
ტაკინი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Budorcas taxicolor (Hodgson, 1850) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 3160 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
მისი სხეულის სიგრძეა 220 სმ-მდე, სიმაღლე მინდაოში 130 სმ-მდე, მასა 350 კგ-მდე. მამლები შესამჩნევად აღემატებიან დედლებს. სხეულის აგებულება მკვრივია, ტანი მასიური, ზურგი დახრილი. თავი წაგრძელებულია, აქვს დიდი დრუნჩი. რქები დასაწყისთან დაახლოებულია, ჯერ აქეთ-იქით მიემართება, შემდეგ უკან; ბოლოები მცირედ შეღუნულია. მამლის რქა 50 სმ-მდეც შეიძლება გაიზარდოს, დედლისა რამდენადმე მცირეა. ბეწვი გრძელი და ხშირია, სხეულის ქვედა ნაწილზე მეტად წაგრძელებულია; ნიკაპსა და ყელზე წვერი აქვს. შეფერილობა თეთრ-ყვითლიდან მურა-წითურამდეა, დასდევს ოქროსფერი ელფერი.
გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთის, ნეპალის, ტიბეტის, ჩინეთის (სიჩუანისა და შენსის პროვინციები) მთებში. გვხვდება სხვადასხვა ლანდშაფტებში, ტყიანი და კლდოვანი მონაკვეთებიდან ალპურ მდელოებამდე. ცხოვრობს მცირე ზომის ჯოგებად; ბებერი მამლები მარტოხელები არიან.
იკვებება ბალახით, ხისა და ბუჩქის ფოთლებით, ბამბუკის ყლორტებით.
შობს 1, იშვიათად 2 ხბოს; სრულწლოვანებას 3 წლის ასაკში აღწევს. ცოცხლობს 15 წლამდე. რიცხოვნობა იკლებს გადაჭარბებული ნადირობისა და ბუნებრივი საცხოვრებლის განადგურებისა გამო. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, ითვლება მოწყვლად სახეობად.
განარჩევენ მის 4 ქვესახეობას:[2][3]
- Budorcas taxicolor taxicolor
- Budorcas taxicolor bedfordi
- Budorcas taxicolor tibetana
- Budorcas taxicolor whitei