რიხარდ შტრაუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
რიხარდ გეორგ შტრაუსი (გერმ. Richard Georg Strauss [ˈʁɪçaʁt ˈʃtʁaʊs];[20][21] დ. 11 ივნისი, 1864 – გ. 8 სექტემბერი, 1949) — გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე.[22] გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რიხარდ შტრაუსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რიხარდ შტრაუსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
რიხარდ შტრაუსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 11 ივნისი, 1864(1864-06-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] |
დაბ. ადგილი | მიუნხენი, ბავარიის სამეფო, გერმანიის კავშირი[18] [15] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1949(1949-09-08)[18] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [19] [10] [11] [12] [13] [15] [17] [16] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[1] [15] |
დასაფლავებულია | გარმიშ-პარტენკირხენი |
ხელმოწერა | |
რიხარდ შტრაუსი ვიკისაწყობში |
შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. მისი პირველი აღიარებული სიმფონიური პოემა იყო „დონ ჟუანი“, რომელსაც ამ ტიპის სხვა წარმატებული ნაწარმოებები მოჰყვა, მათ შორის, „სიკვდილი და ფერისცვალება“ (გერმ. Tod und Verklärung), „ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინები“ (Till Eulenspiegels lustige Streiche), „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ (Also sprach Zarathustra), „დონ კიხოტი“ (Don Quixote), „გმირის ცხოვრება“ (Ein Heldenleben), „საშინაო სიმფონია“ (Sinfonia Domestica) და „ალპური სიმფონია“ (Eine Alpensinfonie). მისი პირველი ოპერა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, იყო „სალომე“. მისი ლიბრეტო, რომლის ავტორიც ჰედვიგ ლახმანი იყო, ეფუძნებოდა ოსკარ უაილდის ფრანგულენოვან პიესას Salomé. ამას მოჰყვა რამდენიმე კრიტიკულად აღიარებული ოპერა ლიბრეტისტ ჰუგო ფონ ჰოფმანსტალთან ერთად: „ელექტრა“, „ვარდის რაინდი“ (Der Rosenkavalier), „არიადნე ნაქსოსიდან“ (Ariadne auf Naxos), „ქალი ჩრდილის გარეშე“ (Die Frau ohne Schatten), „ეგვიპტელი ჰელენე“ (Die ägyptische Helena) და „არაბელა“ (Arabella). უკანასკნელ ოპერებში („დაფნე“, „მშვიდობის დღე“ (Friedenstag), „დანაეს სიყვარული“ (Die Liebe der Danae) და „კაპრიჩიო“) გამოიყენა ვენელი თეატრის ისტორიკოსის, იოზეფ გრეგორის ლიბრეტოები. მისი სხვა ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორი სიმფონია, ლიდები (განსაკუთრებით, „უკანასკნელი ოთხი სიმღერა“), სავილიონო კონცერტი რე მინორი, კონცერტები ვალტორნისთვის №1 და 2, კონცერტი ჰობოისთვის და სხვა ინსტრუმენტული ნაწარმოებები, მათ შორის, „მეტამორფოზები“.
შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. ბიულოვის გადადგომის შემდეგ (1885) იგი ამ ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა 5 თვის განმავლობაში, ვიდრე ბავარიის სახელმწიფო ოპერის დირიჟორთა შემადგენლობაში არ დაინიშნა, სადაც 1886–1889 წლებში მესამე დირიჟორად მუშაობდა. შემდეგ, 1889–1894 წლებში, იყო ვაიმარის გერმანული ეროვნული თეატრისა და სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორი. 1894 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი ბაიროითის ფესტივალზე, სადაც ვაგნერის „ტანჰოიზერი“ იდირიჟორა (ელიზაბეტის როლს მისი მეუღლე, პაულინა დე ანა ასრულებდა). შემდგომ, ბავარიის სახელმწიფო ოპერაში დაბრუნდა, ამჯერად, მთავარ დირიჟორად და ამ პოსტზე 1894–1898 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც, 1898–1913 წლებში ბერლინის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი იყო. 1919–1924 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში.
1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს (გერმ. Reichsmusikkammer) ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (დებიუსის, მალერის, მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.