ფელიქს მენდელსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი (გერმ. Felix Mendelssohn, სრული სახელი Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy — იაოკობ ლუდვიგ ფელიქს მენდელსონ–ბართოლდი); დ. 3 თებერვალი, 1809 — გ. 4 ნოემბერი, 1847) — ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკაში რომანტიკული მიმართულების წარმომადგენელი, განთქმული „საქორწინო მარშის“ ავტორი.
მე-19 საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფელიქს მენდელსონს. იგი არა მარტო ცნობილი კომპოზიტორია, არამედ თავისი დროის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, დირიჟორი, პიანისტი, ორღანზე დამკვრელი.
მენდელსონის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რომანტიკულმა ხელოვნებამ, მაგრამ იგი მაინც მიისწრაფოდა კლასიკურად დახვეწილი ფორმებისაკენ.
მენდელსონის ნაწარმოებთა ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია ზღაპრულ-ფანტასტიკურ სიუჟეტებთან, ბუნების სურათებთან, მაგრამ მენდელსონის შემოქმედებაში ეს თემატიკა არ ექვემდებარებოდა რომელიმე მოწინავე იდეას, მაგ: პატრიოტულ მოტივს, გმირულ პათოსს და სხვა ამგვარს. მენდელსონის შემოქმედებითი დიაპაზონი ბუნების სურათებით, რომანტიკული პეიზაჟის ვიწრო ჩარჩოთი შემოისაზღვრებოდა. იგი მოკლებულია მძაფრ დრამატულ განვითარებას, ფილოსოფიურ სიღრმეს, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, მკაფიო ნოვატორობას.
მენდელსონის მუსიკალური მემკვიდრეობა არ არის თანაბარი მხატვრული ღირებულების თვალსაზრისის, თუმცა მისი ცალკეტული ნაწარმოები რომანტიკულ ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. ასეთია მაგალითად მისი უვერტიურა ზაფხულის ღამის სიზმარი, შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, უსიტყვო სიმღერები ფორტეპიანოსათვის და სხვა.
ხსენებული ნაწარმოებების გარდა მენდელსონის მუსიკალურ მემკვიდრეობას შეადგენს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ნაწარმოებები: 5 სიმფონია, მათ შორის რეფორმაციული, შოტლანდიური და იტალიური. 10 უვერტიურა, მათ შორის: ზღვის სიმშვიდე და ბედნიერი ცურვა, ჰებრიდები, ანუ იგივე ფინგალის გამოქვაბული, მშვენიერი მელუზინა, სიზმარი ზაფხულის რიუ-ბლაზი, 2 საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო კონცერტები; მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები, ზინგშპილები, საგუნდო ნაწარმოებები, კანტატები, 2 ორატორია: ილია და პავლე, მუსიკა დრამებისათვის, მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო პიესები, მათ შჰორის უკვე აღნიშნული, მეტად პოპულარული 48 უსიტყვო სიმღერა, ბრწყინვალე კაპრიჩიო ფორტეპიანოსატვის ორკესრტრთან ერთად, მრავალრიცხოვანი ანსამბლები.