ადამ სმითი
შოტლანდიელი ფილოსოფი და ეკონომისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ადამ სმითი (ინგლ. Adam Smith); (სავარაუდოდ დ. 5 ივნისი, 1723, კერკოლდი, შოტლანდია ― გ. 17 ივლისი, 1790, ედინბურგი) — შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი, შოტლანდიური განმანათლებლობის[16] საკვანძო ფიგურა და თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მას ხშირად „ეკონომიკის მამას“[17] ან „კაპიტალიზმის მამას“[18] უწოდებენ. სმითს ეკუთვნის ორი კლასიკური ნაშრომი: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ (1759) და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776). ამ უკანასკნელის (შემოკლებით „ხალხთა სიმდიდრე“) შექმნას ავტორმა 9 წელი მოანდომა და სწორედ მას მიიჩნევენ სმითის უდიდეს ნამუშევრად (Magnum opus), ასევე - პირველ მოდერნულ ეკონომიკურ ნაშრომად, რომელშიც სმითი აყალიბებს თავის თეორიას „აბსოლუტური უპირატესობის“[19] შესახებ.
სმითმა განათლება სოციალური ფილოსოფიის მიმართულებით გლაზგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში მიიღო, სადაც შოტლანდიელი ჯონ სნელის მიერ დაწესებული სტიპენდიით მოსარგებლე პირველი სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ედინბურგის უნივერსიტეტში,[20] საჯარო ლექციებს კითხულობდა, რასაც შედეგად მისი დეივიდ იუმთან კოლაბორაცია მოჰყვა. იყო გლაზგოს უნივერსიტეტის მორალური ფილოსოფიის პროფესორი და სწორედ ამ პერიოდში დაწერა და გამოაქვეყნა „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“. მოგვიანებით, სმითი კერძო მასწავლებელი გახდა, რამაც ევროპაში ემოგზაურობის და ეპოქის სხვა ინტელექტუალურ ფიგურებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.
სმითმა შექმნა თავისუფალი ბაზრის კლასიკური ეკონომიკური თეორიის საფუძვლები. „ხალხთა სიმდიდრე“ ეკონომიკის თანამედროვე, აკადემიური დისციპლინის წინამორბედად იქცა. ამ და სხვა შრომებში ჩამოაყალიბა შრომის დანაწილების კონცეპტი და ახსნა, როგორ იქმნება ეკონომიკური კეთილდღეობა კერძო, რაციონალური ინტერესებისა და კონკურენციისაგან. სმითი თავისი დროის საკამათო მოაზროვნე იყო და როგორც მისი ზოგადი მიდგომები, ასევე მისი წერის სტილი, სატირის ობიექტიც გამხდარა ისეთი მწერლებისგან, როგორიც იყო ჰორას უოლპოლი.[21]