თავისუფალი ბაზარი
From Wikipedia, the free encyclopedia
თავისუფალი ბაზარი — საბაზრო სისტემა, რომელშიც საქონლისა და მომსახურების ფასები გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის თავისუფლად, გარე ძალების ჩაურევლად მიღწეული შეთანხმების შედეგია. ამგვარ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის კანონები და ძალები თავისუფალია მთავრობის, ფასების დამწესებელი მონოპოლიის ან რაიმე სხვა ძალაუფლების გავლენისაგან. თავისუფალი ბაზარი უპირისპირდება კონტროლირებად ბაზარს ან რეგულირებად ბაზარს, რომელშიც ხელისუფლება, მთავრობა ერევა მიწოდებისა და მოთხოვნების რეგულირებაში არა-საბაზრო მეთოდებით, როგორიცაა, მაგალითად, კანონები, რომლებიც კრძალავს ბაზარზე შემოსვლას ან რომლებიც პირდაპირ აწესებენ ფასებს. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა (საბაზრო ეკონომიკა) არის ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა, სადაც საქონლისა და მომსახურების ფასები თავისუფლად ყალიბდება მიწოდებისა და მოთხოვნის ძალების მიერ და მათ საშუალება გააჩნიათ, რომ მიაღწიონ წონასწორობის წერტილს სამთავრობო პოლიტიკის ჩარევის გარეშე. ჩვეულებრივ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს ძლიერ კონკურენტული ბაზრების მხარდაჭერას და სამრეწველო საწარმოების კერძო საკუთრებასაც (ანუ კაპიტალიზმს). მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თავისუფალი ბაზარი ასოცირდება კაპიტალიზმთან ამ სიტყვის თანამედროვე აზრით (და ასევე პოპულარულ კულტურაშიც), თავისუფალ ბაზრებზე ხშირად აგებენ თავიანთ თეორიებს ანარქისტები, სოციალისტები და ა.შ.[1]