უკრაინული სალამურა (ლათ. Eudontomyzon mariae) — უყბო თევზი სალამურასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია შავ (ჩრდილოეთ ნაწილში), აზოვის (პრუტიდან ყუბანამდე), კასპიისა (ვოლგა-სურა) და ეგეოსის ზღვებში. საქართველოში გვხვდება ჭოროხში, ჩაქვისწყალში, ჩაისუბნისწყალში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, კელასურში, გუმისთაში, ბზიფში, ასევე ბებესირისა და პალიასტომის ტბებში. ძირითადად მტკნარი წყლის ბინადარია. იკვებება უმთავრესად თევზებით. სხეულის საშუალო სიგრძეა 18 სმ, მაქსიმალური — 22 სმ.[1] პირის დისკის პერიფერიებზე რამდენიმე რიგად განლაგებული წვრილი ტუჩის კბილები აქვს. ქვედა ყბის ფირფიტაზე 5–10 (უმეტესად 7–8) კბილია, ზედაზე — 2. ტუჩის გვერდითი კბილები ორივე მხარეზე 3–3 ან 4–4-ია. წინა ენის ფირფიტაზე შუა კბილების გვერდებიდან ამოსულია 2 კბილაკი. გავრცელების არეალის სხვადასხვა მხარეში ცნობილია განსხვავებული ვარიაციები.[2] ცოცხლობს 7 წლამდე. მრავლდება აპრილიდან ივნისამდე. ყრის 2000–3000 ცალ ქვირითს. მცირე რაოდენობის გამო სამეურნეო მნიშვნელობა არ გააჩნია.[1]
სწრაფი ფაქტები უკრაინული სალამურა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა