ტიან-შანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიან-შანი (ჩინ. 天山山脈, Tiānshān, უიღ. تەڭرىتاغ, Тәңри тағ, ყაზ. Тәңір шыңы) — მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 2450 კმ-ზე. ტიან-შანის სისტემაში შედის 30-ზე მეტი მწვერვალი, რომელთა სიმაღლე 6000 მეტრზე მეტია. მის ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლება ჟენიშ-ჩოქუსუ (7439 მ), რომელიც მდებარეობს ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე. სიმაღლით მეორე მწვერვალია ხან-თენგრის პიკი (6995 მ). ჩრდილოეთით ბოროჰოროს ქედით უერთდება ჯუნღარის ალათაუს, სამხრეთით, ჰისარ-ალაის სისტემით — ალაის ქედს. გამოიყოფა შემდეგი ოროგრაფიული ერთეულები: ჩრდილოეთი ტიან-შანი, დასავლეთი ტიან-შანი, შიგა ტიან-შანი და აღმოსავლეთი ტიან-შანი, რომელშიც მთათა ორი სარტყელია: ჩრდილოეთი სარტყელი და სამხრეთი სარტყელი. აღმოსავლეთ ტიან-შანის მთისწინეთში არის ტურფანის ქვაბული და ხამის ღრმული. ტიან-შანის სიმაღლე უმთავრესად 4000-5000 მ-ია. მაღალმთიან ზონაში მყინვარული რელიეფი და მძლავრი გამყინვარებაა. აქ არის მყინვარები: სამხრეთი ინილჩექი და ჩრდილოეთი ინილჩექი. 3200-3400 მ-ის ზევით მარადი მზრალობაა. ტიან-შანის ქედებს შორის მოქცეული ვრცელი ქვაბულების ნაწილი ტბებს უკავია, რომელთაგან აღსანიშნანია ტბა ისიქ-ქოლი.
ტიან-შანი | |
---|---|
ხან-თენგრი | |
კოორდინატები: 42°02′ ჩ. გ. 80°08′ ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი ყაზახეთი ტაჯიკეთი უზბეკეთი ჩინეთი |
უმაღლესი წერტილი | გამარჯვების პიკი |
სიმაღლე | 7439 მ |
სიგრძე | 2450 კმ |
ტიან-შანის მთები ორჯერ შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში: პირველად 2013 წელს სინძიანის ტიან-შანი (აღმოსავლეთი ნაწილი, ჩინეთი)[1], ხოლო 2016 წელს დასავლეთი ტიანშანი (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი)[2].