მარია კაროლინა ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია კაროლინა ავსტრიელი (გერმ. Maria Karolina von Österreich, იტალ. Maria Carolina d'Austria; დ. 13 აგვისტო, 1752, ვენა, ავსტრია — გ. 8 სექტემბერი, 1814, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1768-1814 წლებში როგორც ფერდინანდ IV-ის მეუღლე. იგი ფაქტობრივად ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი იყო და ახორციელებდა უამრავ რეფორმას, როგორებიცაა ესპანელების გაძევება, მასონებისთვის ხელის შეწყობა და სამხედრო ფლოტის გაფართოება. იგი აბსოლუტური მონარქიის მომხრე იყო და სძულდა რევოლუციონერები და დემოკრატები. იგი სასტიკად გმობდა საფრანგეთის რევოლუციას (რომელსაც მისი და, დედოფალი მარია ანტუანეტი შეეწირა) და ნეაპოლშიც იგივე რომ არ განმეორებულიყო სპეციალური პატრული და ჯაშუშები დანიშნა, რათა ყველა ასეთი იდეის მატარებელი ემხილებინათ და სათანადოდ დაესაჯათ.
მარია კაროლინა ავსტრიელი | |
---|---|
Maria Karolina von Österreich | |
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 მაისი, 1768 |
მმართ. დასასრული: | 8 სექტემბერი, 1814 |
წინამორბედი: | მარია ამალია საქსონიელი |
მემკვიდრე: | მარი ჯულია კლარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 აგვისტო, 1752 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 სექტემბერი, 1814, (62 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრიის იმპერია |
მეუღლე: | ფერდინანდ IV, ნეაპოლის მეფე |
შვილები: |
მარია ტერეზა, ავსტრიის იმპერატრიცა ლუიზა მარია, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია ფრანჩესკო I, ორი სიცილიის მეფე მარია კრისტინა, სარდინიის დედოფალი მარია ამალია, საფრანგეთის დედოფალი მარია ანტონია, ასტურიის პრინცესა ლეოპოლდო, სალერნოს პრინცი |
სრული სახელი: | მარია კაროლინა ლუიზა იოზეფა იოჰანა ანტონია ავსტრიელი |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგია |
მამა: | ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ტერეზა, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იგი დაბადებით იყო ავსტრიის ერცჰერცოგინია, როგორც საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა და მისი ცოლის, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზიას მეცამეტე ქალიშვილი. როგორც კი წამოიზარდა, იგი დააქორწინეს ესპანეთის მეფე კარლ III-ის ვაჟ ფერდინანდზე, რაც ესპანეთ-ავსტრიის ალიანსის ნაწილი იყო. 1768 წელს ფერდინანდი და მარია კაროლინა ნეაპოლის ტახტს იკავებენ. 1775 წელს ვაჟის გაჩენის შემდეგ მან უდიდესი ძალაუფლება მიიღო და მთელი მათი მმართველობისას სწორედ მარია კაროლინა დომინირებდა, მანამ სანამ იგი 1812 წელს მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდებოდა. დედამისის მსგავსად, მარია კაროლინაც შვილებს პოლიტიკურად ხელსაყრელ პიროვნებებზე აქორწინებდა.
მარია კაროლინას ძალიან უყვარდა ხელოვნებას, რის გამოც იგი დიდად სწყალობდა და მფარველობდა ხელოვან ადამიანებს, რამაც ხელი შეუწყო ნეაპოლის ევროპის კულტურულ ცენტრად გადაქცევას.
როდესაც ფრანგმა რევოლუციონერებმა მარია კაროლინას დას, დედოფალ მარია ანტუანეტს თავი მოჰკვეთეს იგი საშინლად განრისხდა, რის გამოც იგი ნაპოლეონის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კოალიციაში წევრიანდებოდა ბრიტანეთთან და ავსტრიასთან. თუმცაღა, როდესაც ნაპოლეონის ჯარები 1798 წელს ნეაპოლში შეიჭრნენ, მარია კაროლინა ოჯახთან ერთად გაიქცა. ერთი თვის შემდეგ ნეაპოლი რესპუბლიკად გამოცხადდა, თუმცა სულ ექვს თვეში ბურბონთა დინასტია კვლავ აღსდგა ნეაპოლში. 1806 წელს ფრანგების ნეაპოლში ხელმეორე შეჭრის შემდეგ მარია კაროლინას კვლავ მოუხდა გაქცევა მშობლიურ ავსტრიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1814 წელს.