მარია ტერეზია
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ტერეზია (გერმ. Maria Theresia; დ. 13 მაისი, 1717, ვენა, ავსტრია — გ. 29 ნოემბერი, 1780, ვენა, ავსტრია) —ჰაბსბურგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი და ჰაბსბურგთა მონარქიის პირველი ქალი მმართველი. ავსტრიის, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, ტრანსილვანიის, მანტუის, მილანის, ლოდომერიის, გალიციის, ავსტრიული ნიდერლანდებისა და პარმის სუვერენული მმართველი. საღვთო რომის იმპერატრიცა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია და ლოთარინგიის ჰერცოგინია ფრანც I შტეფანზე ქორწინების შედეგად.
მან თავისი ორმოცწლიანი მმართველობა 1740 წლის ოქტომბერში, მამის, იმპერატორ კარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მამამისმა მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდე 1713 წლის პრაგმატული სანქციის გამოცემით დაამტკიცა. მან ეს პრინცი ევგენი სავოიელის რჩევით გააკეთა. მიუხედავად მისი ამ მცდელობისა, მარია ტერეზიას ტახტზე მისი ბიძაშვილი მარია ამალია ედავებოდა, რომელსაც საფრანგეთი, ბოჰემია, პრუსია, საქსონია და ბავარია მიემხრო, რასაც მოჰყვა ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. მართალია ომში მარია ტერეზიამ გაიმარჯვა, მაგრამ ომის განმავლობაში მეფე ფრიდრიხ II-თან დაკარგა სილეზია, რომლის დასაბრუნებლადაც იგი შემდგომში შვიდწლიან ომშიც ჩაება, მაგრამ უშედეგოდ.
მარია ტერეზიასა და მის ქმარს, იმპერატორ ფრანც I შტეფანს თერთმეტი ქალიშვილი ჰყავდათ, მათ შორის იყვნენ საფრანგეთის დედოფალი, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი და პარმის ჰერცოგინია. ამას გარდა ხუთი ვაჟი ჰყავდათ, მათ შორის ორი იმპერატორი: იოზეფ II და ლეოპოლდ II. მათი თექვსმეტი შვილიდან სულ ათი გადაურჩა ბავშვობაში დაღუპვას. იგი სიცოცხლეშივე უზიარებდა თავის ქმარსა და იოზეფს ძალაუფლებას, მის შემდეგ კი შეიქმნა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც XX საუკუნის პირველ ნახევრამდე მართავდნენ იმპერიას.
მარია ტერეზია ავსტრიაში აქტიურად ეწეოდა განმანათლებლობის პროპაგანდას. ასევე მას ეკუთვნის მრავალი ფინანსური თუ საგანმანათლებლო რეფორმა. იგი ასევე მხარს უჭერდა ავსტრიული აგრიკულტურისა და სამხედრო ძალების მოდერნიზებას. მიუხედავად ამისა, მას სძულდა პროტესტანტები და ებრაელები, რის გამოც მისი მმართველობის პერიოდში კვლავ გრძელდებოდა მათი დევნა ჰაბსბურგთა სამფლობელოებში. ამასთან ერთად, სწორედ მის პერიოდში დაიწყო ავსტრიაში რელიგიური პლურალიზმის ჩასახვა.