იენს იაკობ ბერცელიუსი
შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
იენს იაკობ ბერცელიუსი (შვედ. Jöns Jakob Berzelius; დ. 20 აგვისტო 1779, ვევერსუნდა — გ. 7 აგვისტო 1848, სტოკჰოლმი) — შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი. სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1808), მისი პრეზიდენტი (1810) და მუდმივი მდივანი (1818); პეტერბურგის აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი (1820).
დიდია ბერცელიუსის ღვაწლი ატომისტიკის ცდას დასაბუთების საქმეში. ჟანგეულების ანალიზის საფუძველზე (1810-1816) მან დაადასტურა ჯერად ფარდობათა კანონი; საკუთარი მონაცემების მიხედვით (1814 წ.) გამოაქვეყნა 41 ელემენტის ატომური მასის ტაბულა, შეისწავლა ორი ათასამდე ნაერთის პროცენტული შედგენილობა და შემოიღო ელემენტების ატომების აღნიშვნა მათი ბერძნული და ლათინური სახელწოდების საწყისი ასოებით.
ვ. გიზინგერთან ერთად აღმოაჩინა ცერიუმი (1803), სელენი (1817), თორიუმი (1828). პირველმა მიიღო თავისუფალი სახით სილიციუმი, ტიტანი, ტანტალი და ცირკონიუმი. შექმნა ელექტროქიმიური თეორია (1812-1819).
1811 წელს დაიწყო ორგანული ნივთიერებათა ელემენტური შედგენილობის სისტემატიური შესწავლა და დადგინა (1824), რომ მათი შედგენილობა ემორჩილება ჯერად ფარდობათა კანონს. ბერცელიუსმა პირველმა შეადგინა ზოგიერთი ორგანული მჟავის ფორმულა (1815). როდესაც აღმოაჩინეს ერთნაირი შედგენილობის, მაგრამ განსხვავებული თვისებების ორგანული ნაერთები, ბერცელიუსმა ამ მოვლენას იზომერია უწოდა (1830 წ.).