ლავრაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლავრაკი,[1][2] სიბასი (ლათ. Dicentrarchus labrax) — თევზი ლავრაკისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის მაქსიმალური სიგრძეა 103 სმ, ჩვეულებრივ 50 სმ, წონა 12 კგ-მდე. ბინადრობს სანაპირო წყლებში 10–100 მ სიღრმეზე. შედის გამტკნარებულ წყლებსა და მდინარეთა შესართავებშიც კი. წაგრძელებული სხეული აქვს, გვერდები რამდენადმე შებრტყელებულია. თავი კონუსური ფორმისაა, პირი სასრული. ზურგის ფარფლი ორია. ანალურ ფარფლში 3 სუსხიანი და 10–13 რბილი სხივია.[3]
ლავრაკი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Dicentrarchus labrax | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135606 | |||||||||||
გავრცელება | |||||||||||
|
გვერდით ხაზში 62–74 ქერცლია. მოვერცხლისფრო-რუხი ფერისაა, ზურგზე მოლურჯო ელფერი დაჰკრავს; გვერდები ვერცხლისფერია; მუცელი და მუცლის ფარფლი ზოგჯერ მოყვითალო. ზღვის პელაგიური თევზია. იკვებება კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, იშვიათად თევზით. ტოფობს ნაპირებიდან შორს ღია ადგილებში. ქვირითი პელაგიურია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელი, ხოლო სხვა ცნობებით 30 წელი.[4]
გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნორვეგიიდან მაროკომდე და სენეგალამდე, კანარის კუნძულების ჩათვლით. მრავალრიცხოვანია ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვებში. შავ ზღვაში იშვიათია, თუმცა გვხვდება ყირიმთან, ნოვოროსიისკთან, გელენჯიკთან, ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში და ქერჩის სრუტეში. აღმოჩენილია აგრეთვე ბალტიის ზღვაში. ლავრაკი გვხვდება აგრეთვე საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში, კერძოდ, ბათუმთან.[5]
ძვირფასი სარეწაო თევზია. სახეობა პირველად აღწერა კარლ ლინემ ლათინური ბინომენით Perca labrax თავის ნაშრომში „ბუნების სისტემა“. ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილია იტალიური სახელწოდებით ბრანძინო.[6]