ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი (ინგლ. Northeast India; ოფიციალურად ცნობილი როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი, ინგლ. North Eastern Region) ― უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი ინდოეთში.[1] წარმოადგენს ქვეყნის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ადმინისტრაციულ დანაყოფს. სულ რვა შტატს მოიცავს: არუნაჩალ-პრადეშს, ასამს, მანიპურს, მეგჰალაიას, მისორამს, ნაგალანდსა და ტრიპურას (რომლებიც ცნობილია როგორც „შვიდი და“) და „მოძმე“ შტატ სიკიმს.[2]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 26°00′00″ ჩ. გ. 92°42′00″ ა. გ. |
ფართობი | 262230 კმ² |
სასაათო სარტყელი | Indian Standard Time |
რეგიონის საერთაშორისო საზღვის სიგრძე 5 182 კმ-ია (მისი გეოგრაფიული საზღვრის თითქმის 99%). ჩრდილოეთიდან ჩინეთი ესაზღვრება (საზღვის სიგრძეა 1 395 კმ), აღმოსავლეთიდან ― მიანმარი (საზღვრის სიგრძე ― 1 640 კმ), სამხრეთ-დასავლეთიდან ― ბანგლადეში (საზღვის სიგრძე 1 596 კმ), დასავლეთიდან ― ნეპალი (საზღვრის სიგრძე ― 97 კმ), ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ― ბჰუტანი (საზღვრის სიგრძე ― 455 კმ).[3] ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ფართობი 262 184 კმ²-ია, რაც ინდოეთის საერთო ფართობის 8%-ს შეადგენს. რეგიონი ინდოეთის დანარჩენ ნაწილთან „სილიგურის დერეფნითაა“ დაკავშირებული.
ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის შტატები ოფიციალურადაა აღიარებული ჩრდილო-აღმოსავლეთ საბჭოს შემადგენლობაში.[2] სიკიმი ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის მერვე შტატი 2002 წელს გახდა.[4] ასამში მდებარე გუვაჰატი ცნობილია როგორც „კარიბჭე ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ“ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის უდიდესი მეტროპოლისია.