ქეთრინ პარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქეთრინ პარი (ინგლ. Catherine Parr; დ. 1512 — გ. 7 სექტემბერი, 1548) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1543-47 წლებში როგორც ჰენრი VIII-ის უკანასკნელი — მეექვსე ცოლი, ასევე ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი დედოფალი. 1543 წლის 12 ივლისს იგი იძულებით დაქორწინდა მეფეზე და მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა მასთან ერთად. იგი სულ ოთხჯერ იყო გათხოვილი და ჰენრი მისი მესამე ქმარი იყო.
ქეთრინ პარი | |
---|---|
Catherine Parr | |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 ივლისი, 1543 |
მმართ. დასასრული: | 28 იანვარი, 1547 |
წინამორბედი: | კათრინ ჰოვარდი |
მემკვიდრე: | ანა დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1512 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 7 სექტემბერი, 1548, (35-36 წლის) |
გარდ. ადგილი: | გლოსტერშირი, ინგლისი |
მეუღლე: |
1. სირ ედუარდ ბურგი (ქ. 1529 - გარდ. 1533) 2. ჯონ ნევილი, ლეტიმერის ბარონი (ქ. 1534 - გარდ. 1543) 3. ჰენრი VIII, ინგლისის მეფე (ქ. 1543 - გარდ. 1547) თომას სეიმური, სადლის ბარონი (ქ. 1547) |
შვილები: | მერი სეიმური |
მამა: | სირ თომას პარი |
დედა: | მაუდ გრინი |
რელიგია: | ჯერ კათოლიციზმი, შემდეგ ანგლიკანიზმი |
ხელმოწერა: | |
ქეთრინს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა ჰენრის სამივე შვილთან. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვაში ედუარდ VI-ის მეფობისას და ასევე უვლიდა და პატრონობდა პატარა ელიზაბეთს. მან დიდი როლი ითამაშა ჰენრის ანდერძის წერისას, როცა მას ედუარდთან ერთად ტახტის მემკვიდრეებად მერიც და ელიზაბეთიც აცნობინა.
დედოფალი ქეთრინი 1544 წლიდან რეგენტად მუშაობდა, მაშინ როცა ჰენრი საფრანგეთში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მას ამ პერიოდში ქვეყნის მართვაზე დიდი გავლენა არ ჰქონია. 1543 წელს ანონიმურად გამოაქვეყნა ლოცვანის წიგნი. ქეთრინი პროტესტანტიზმისკენ იყო მიდრეკილი, რის გამოც სამეფო საბჭოსა და პარლამენტში კათოლიკეთა რაოდენობა ძალიან შეამცირა, რომლებიც ჰენრის ძველ რელიგიაზე დაბრუნებას ცდილობდნენ. 1545 წელს შეადგინეს ქეთრინის დაპატიმრების ორდენი, თუმცა ის და მეფე შერიგდნენ და ამრიგად გადარჩა დატუსაღებას. მისი ლოცვანი გახდა პირველი საღმრთო წიგნი, რომელიც ინგლისურ ენაზე იქნა დაწერილი. მან ჰენრის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთის მეურვეობა მიიღო და გამოაქვეყნა თავისი მეორე წიგნი "ცოდვილთა გოდება".
1547 წლის 28 იანვარს ჰენრი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქეთრინის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისი გერი, მეფე ედუარდ VI დიდ პატივს სცემდა მას, რის გამოც მან ქეთრინს ახალი სასახლე, მამულები და სამკაულები აჩუქა.
ჰენრის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ქეთრინი დაქორწინდა ჰენრის მესამე ცოლის, დედოფალ ჯეინ სეიმურის ძმაზე, სადლის ბარონ თომას სეიმურზე. ქორწინება ბედნიერი, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. მალევე ქეთრინი თავის პირველ მშობიარობას გადაჰყვა საშინელი გართულებების გამო.