პენეპლენი
From Wikipedia, the free encyclopedia
პენეპლენი (ინგლ. peneplain; < ლათ. paene — თითქმის და ინგლ. plain — ვაკე) — დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება დანგრეული მთების ადგილას ჰუმიდური ჰავის პირობებში. ტერმინი შემოგვთავაზა უილიამ მორის დეივისმა, რომელიც ალბრეხტ პენკთან, ვალტერ პენკთან და ლესტერ კინგთან ერთად ითვლება პენეპლენის კონცეფციის ფუძემდებლად.[1]
აკუმულაციური მოსწორების ზედაპირისაგან განსხვავებით პენეპლენი არის დენუდაციური ვაკე, რომელსაც ნაოჭა ან კრისტალური სუბსტრატი გააჩნია და რომელიც წარმოქმნილია დიდი ტექტონიკური ციკლების ბოლოს (დედამიწის ქერქის განვითარების ოროგენიული ეტაპიდან ბაქნურზე გადასვლის დროს). ხშირად პენეპლენი დაფარულია ქიმიური გამოფიტვის ქერქით, რომლის სიმძლავრემ შეიძლება რამდენიმე ათეულ მეტრს მიაღწიოს.[2]
პენეპლენის განვითარების კარგი მაგალითია მაგ., ალთაის, ტიან-შანის, ყაზახეთის წვრილგორაკებისა და სალაირის ჭიუხის განაპირა მხარეები, რომლებიც პენეპლენიზებული იყო გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მთელი ეს ტერიტორია წარმოადგენს პლანაციას, რომელიც სუსტად დანაწევრებულია და გამოირჩევა პლატოსებრი მოყვანილობით.
ასეთი რელიეფი შენარჩუნდა პალეოგენის ბოლომდე, როდესაც დაიწყო უძველესი დენუდაციური ნაოჭა სტრუქტურების აღორძინება. ცარცულ-პალეოგენური ასაკის პენეპლენი ნაწილობრივ დანგრეული იყო, დენუდირებული, გადაადგლებული სხვადასხვა ჰიფსომეტრიულ დონეზე. პენეპლენი და პენეპლენიზაცია გეომორფოლოგიური პროცესების ერთობლიობაა.[3]
საქართველოში არსებობს ე. წ. „ახალგაზრდა“ და „ძველი“ პენეპლენი. ახალგაზრდა პენეპლენიზებული ზედაპირი გააჩნია მაგ.: გომბორის ქედს, რომლის პენეპლენი ცივის წყების ქვეშიდანაა ამონათხარი. მიოცენში დაიძირა რა ზღვაში, პლიოცენში ნალექების ქვეშ იმარხებოდა და ცივის წყების დისლოცირებასთან პარალელურად აზევებას განიცდიდა. ძველი პენეპლენი გამოვლინდა ძირულისა და ლოქის მასივებზე.[4]