მშრომელთა საერთაშორისო დღე
From Wikipedia, the free encyclopedia
მშრომელთა საერთაშორისო დღე ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე (ინგლ. Labor Day, ფრანგ. Fête du Travail, რუს. День труда, ზოგიერთ ქვეყანაში ასევე „May Day“) აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.
„პირველი მაისი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი მაისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.
„წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.
კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.