კოლონიალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლონიალიზმი — ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და იმპერიალისტური ქვეყნისათვის მათი დამორჩილების პოლიტიკა.[1] კოლონიები თავდაპირველად წარმოადგენდნენ სავაჭრო, სამიწათმოქმედო, სამესაქონლეო და სამხედრო-სამიწათმოქმედო ტიპის დასახლებებს, რომლებიც იქმნებოდა უმთავრესად ანტიკურ ეპოქაში რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა მასობრივი მიგრაციის გზით. ეს კოლონიები, როგორც წესი, მეტროპოლიებისგან დამოუკიდებელი იყვნენ, ანდა მათი მოსახლეობა იმავე მდგომარეობაში იყო, როგორც მეტროპოლიებში. თავისებურ კოლონიურ პოლიტიკას ატარებდნენ ჯერ კიდევ რომი და სხვა მონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ დაპყრობილი ქვეყნების ძარცვასა და მონების ხელში ჩაგდებას. ფეოდალიზმის ეპოქაში XV საუკუნემდე კოლონიური პოლიტიკა არ იყო დიდად განვითარებული, რადგანაც ნატურალური მეურნეობა ვერ ქმნიდა სათანადო სავაჭრო-ეკონომიკურ პირობებს.[2]
მნიშვნელოვანი მასშტაბის კოლონიური დაპყრობები დაიწყო ჯერ კიდევ კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს. პირველი კოლონიური იმპერიები — ესპანეთისა და პორტუგალიისა შეიქმნა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების კვალდაკვალ. XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში, როგორც მსხვილი კოლონიური სახელმწიფო - დაწინაურდა ნიდერლანდები, რომელმაც XVII საუკუნის შუა წლებში დაიპყრო პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა აღმოსავლეთში. ნიდერლანდის კოლონიური ჰეგემონია დაამხო ინგლისმა ინგლის-ნიდერლანდების ომების შედეგად.[2]
XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში კოლონიური დაპყრობების გზას დაადგა საფრანგეთი.
კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში კოლონიურ პოლიტიკას ახორციელებდნენ სპეციალურად შექმნილი მსხვილი სავაჭრო კომპანიები. კოლონიური პოლიტიკა იყო უზარმაზარი მოგების წყარო, ამავე დროს ის ახდენდა სხვადასხვა სახის ზემოქმედებას მეტროპოლიებზე.[2]
პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში კოლონიებისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის ბრძოლას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. დამარცხებულმა გერმანიამ მთლიანდ დაკარგა თავისი კოლონიები.
კოლონიური სისტემის კრიზისის ახალი ეტაპი გაიშალა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და განსაკუთრებით ომის შემდგომ წლებში.
1956-1965 წლებში აფრიკაში სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა 33 ქვეყანამ.[2] ისტორიულად კოლონიალიზმი ევროპის სახელმწიფოების სახელთან არის დაკავშირებული და მთელი დანარჩენი მსოფლიო, აზიის რამდენიმე და აფრიკის ორი (ეთიოპია და ლიბერია) ქვეყნის გარდა, სხვადასხვა დროს ევროპის ქვეყნების კოლონია იყო.
მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, განსაკუთრებით კი - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კოლონიალიზმი როგორც სისტემა აღარ არსებობს.[3]