ერთა ლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ერთა ლიგა (ინგლ. League of Nations, ფრანგ. Société des Nations) — პირველი საერთაშორისო, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მსოფლიო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა[1]. ერთა ლიგა დაარსდა 1920 წლის 10 იანვარს, მას შემდეგ რაც პარიზის სამშვიდობო კონფერენციის შედეგად პირველი მსოფლიო ომის დასრულება მოხდა. 1919 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი ერთ ლიგის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული გახდა.
ეს სტატია ორგანიზაციას ეხება. შეჯიბრის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა (უეფა). |
ერთა ლიგის დაარსების დღიდანვე მის მიზანს წესდების მიხედვით წარმოადგენდა კონფლიქტების და ომების მშვიდობიანი გზით მოგვარება, რაც საკითხის გადასაჭრელად ითვალისწინებდა მოლაპარაკებების და არბიტრაჟის გამოყენებას[2]. ერთა ლიგის წესდება ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას; ადამიანების და ნარკოტიკების ტრეფიკინგს; იარაღით ვაჭრობას; მსოფლიო ჯანდაცვას; ევროპაში უმცირესობების უფლებების დაცვას; ომის ტყვეების საკითხს და ღირსეული სამუშაო პირობების არსებობას[3]. ერთა ლიგის წესდების პირველ ნაწილს 1919 წლის 28 ივნისს ვერსალის შეთანხმების ფარგლებში მოეწერა ხელი, რომელიც მის მეორე ნაწილთან ერთად ამოქმედდა 1920 წლის 10 იანვარს, როდესაც მის მეორე ნაწილსაც მოეწერა ხელი. ერთა ლიგის საბჭოს პირველი შეხვედრა ამავე წლის 16 იანვარს გაიმართა, ხოლო 1920 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგის პირველი ასამბლეა შეიკრიბა.
ერთა ლიგის შექმნა არსებული ეპოქის დიპლომატიისთვის სიახლეს წარმოადგენდა. მისმა შექმნამ მანამდე არსებული ასწლოვანი დიპლომატიური წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. ერთა ლიგის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებზე (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და იაპონია), რომლებიც უზრუნველყოფდნენ რეზოლუციების აღსრულებას, ეკონომიკური სანქციების შესრულებას და შეიარაღებული ძალების გამოყოფას. დიდი სახელმწიფოები ლიგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ხშირად აყოვნებდნენ, ვინაიდან აღნიშნულს შეეძლო მათი ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა[4].
26 წლიანი არსებობის განმავლობაში ერთა ლიგას ჰქონდა, როგორც მნიშვნელოვანი წარმატებები, ისე წარუმატებლობები, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთა ლიგის არაეფექტიანობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, განსაკუთრებით XX საუკუნის 30-იანი წლებში, როდესაც მან ღერძის ქვეყნების აგრესიული პოლიტიკის შეჩერება ვერ მოახერხა. ერთ-ერთ მთავარი მიზეზი თუ რამაც განაპირობა ერთა ლიგის არაეფექტიანობა იყო აშშ-ის უარი გამხდარიყო ორგანიზაციის წევრი, მაშინ როდესაც აშშ აღნიშნული ორგანიზაციის შექმნის მთავარი ინიციატორი იყო. ერთა ლიგის როგორც ორგანიზაციის დასუსტება და ავტორიტეტის დაქვეითება რამდენიმე მოვლენამ განაპირობა, კერძოდ საბჭოთა კავშირი ორგანიზაციის წევრი საკმაოდ გვიან გახდა, მაგრამ ფინეთთან სამხედრო დაპირისპირების გამო ის მალევე გააძევეს[5][6][7][8]. საბჭოთა კავშირის გაძევებას მალევე მოჰყვა გერმანიის, იტალიის, იაპონიის და ესპანეთის მიერ ერთა ლიგის დატოვება. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გამოჩნდა, რომ ერთა ლიგამ მისი მთავარი მიზანი ახალი მსოფლიო ომის აცილება ვერ მოახერხა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ერთა ლიგა ახალი ორგანიზაციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციით (გაერო) ჩანაცვლდა.