ბენჯამინ ბრიტენი
ინგლისელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი / From Wikipedia, the free encyclopedia
ედვარდ ბენჯამინ ბრიტენი, ბარონი ბრიტენი (ინგლ. Edward Benjamin Britten, Baron Britten, OM, CH, დ. 22 ნოემბერი, 1913 – გ. 4 დეკემბერი, 1976) — ინგლისელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი, ცენტრალური ფიგურა XX საუკუნის ბრიტანულ მუსიკაში. მისი ნაწარმოებები მოიცავს საოპერო და სხვა სახის ვოკალურ ნამუშევრებს, საორკესტრო და კამერულ მუსიკას. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებთა შორისაა ოპერა „პიტერ გრაიმსი“ (1945), „ომის რექვიემი“ (1962) და საორკესტრო შოუ-პიესა „ახალგაზრდას გზამკვლევი ორკესტრში“ (The Young Person's Guide to the Orchestra, 1945).
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბენჯამინ ბრიტენი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბენჯამინ ბრიტენი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ბენჯამინ ბრიტენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1913(1913-11-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბ. ადგილი | ლოუსტოფტი[17] [16] |
გარდ. თარიღი | 4 დეკემბერი, 1976(1976-12-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [18] [12] [13] [14] [16] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | ოლდბორო[1] [16] |
დასაფლავებულია | წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია |
ხელმოწერა | |
საიტი | brittenpears.org |
ბენჯამინ ბრიტენი ვიკისაწყობში |
დაიბადა ლოუსტოფტში, საფოლკში, დენტისტის ოჯახში. მუსიკალური ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა. სწვლობდა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში, აგრეთვე, კერძო გაკვეთილებს იღებდა ფრენკ ბრიჯთან. საჯარო ყურადღება პირვლად მიიპყრო ა კაპელა პიესით A Boy was Born (1934). 1945 წელს, ოპერა „პიტერ გრაიმსის“ პემიერამ საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მომდევნო 28 წლის განმავლობაში კიდევ 14 ოპერა დაწერა, რამაც ამ ჟანრში XX საუკუნის წამყვანი კომპოზიტორის ადგილი დაუმკვიდრა. დიდი მასშტაბის ოპერების გარდა, რომელთაც ინგლისის ეროვნული ოპერის და კოვენტ-გარდენისთვის ქმნიდა, ბრიტენი წერდა კამერულ ოპერებსაც, რომელთა შესრულებაც მცირე შემადგენლობით და მცირე სცენებზეც შეიძლებოდა. ამათგან ყველაზე ცნობილია The Turn of the Screw (1954). მის ოპერებში ხშირად გვხვდება გარიყული ინდივიდის დაპირისპირება მტრულად განწყობილ საზოგადოებასთან.
ბრიტენის სხვა ნაწარმოებები მოიცავს საორკესტრო, სოლო ვოკალურ, კამერულ, ინსტრუმენტულ და კინო მუსიკას. დიდად იყო დაინტერესებული მუსიკის შექმნით ბავშვებისა და არაპროფესიონალი შემსრულებლებისათვის, მათ შორისაა ოპერა Noye's Fludde, Missa Brevis და სიმღერათა ციკლი Friday Afternoons. ხშირად, ნაწარმოებებს კონკრეტული შემსრულებლების გათვალიწინებით წერდა. მისი ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი მუზა იყო პირადი და პროფესიონალური პარტნიორი, ტენორი პიტერ პირსი; სხვა შემსრულებელთაგან კი აღსანიშნავია კეთლინ ფერიე, ჯენიფერ ვივიენი, ჯანეტ ბეიკერი, დენის ბრეინი, ჯულიან ბრიმი, დიტრიხ ფიშერ-დისკაუ და მსტისლავ როსტროპოვიჩი. ბრიტენი აღიარებული პიანისტი და დირიჟორი იყო, ხშირად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს როგორც კონცერტებზე, აგრეთვე, ხმის ჩამწერ სტუდიებში. ასრულებდა და დირიჟორობდა სხვა კომპოზიტორთა მუსიკასაც, როგორიცაა ბახის „ბრანდენბურგის კონცერტები“, მოცარტის სიმფონიები, აგრეთვე შუმანის და შუბერტის ვოკალური ციკლები.
პირსთან და ლიბრეტისტ, პროდიუსერ ერიკ კროზიესთან ერთად 1948 წელს დააფუძნა ალდებურგის ყოველწლიური ფესტივალი, პასუხისმგებელი იყო სნეიპ მოლტინგსის საკონცერტო დარბაზის აგებაზეც 1967 წელს. სიცოცხლის ბოლო წელს ბარონის ტიტული მიენიჭა.