პონტოური ქაშაყი
From Wikipedia, the free encyclopedia
პონტოური ქაშაყი[1] (ლათ. Alosa immaculata, ადრე Alosa pontica) — თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. აქვს დიდი პირი კარგად განვითარებული კბილებით; სხეული დაბალი, წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებულია. თავის ზედა ნაწილი და ზურგი მომწვანო-მოლურჯოა; გვერდები მოვერცხლისფრო-მოლურჯო, დაჰკრავს იისფერი ან ვარდისფერი ელფერი. განირჩევა ორი ბიოლოგიური რასა: მსხვილი (სიგრძე 45 სმ-მდე) და წვრილი (25 სმ-მდე).[2]
პონტოური ქაშაყი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Alosa immaculata (Bennett, 1835) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 907 | |||||||||||||||
|
ადრინდელ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „შავი ზღვის ქაშაყი“ და ითვლებოდა შავზურგა ქაშაყის ქვესახეობად — Alosa kessleri pontica.[2][3][4]
გამსვლელი და ქარავნული თევზია; ძირითადად ზღვაში ბინადრობს, თუმცა ასევე შედის სანაპიროების გამტკნარებულ წყლებში, მდინარეებსა და ტბებში.[2]
გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში, საიდანაც შედის დონში, დნეპრში, ბუგში, დნესტრში, დუნაიში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან უმეტესად წვრილი ფორმაა.[2] ჩვენში სანაპირო წყლებში გვხვდება შემოდგომიდან ზაფხულის დასაწყისამდე (იზამთრებს).[3] შედის პალიასტომის ტბაში, მდინარეების რიონის, ხობისწყლის, ცივისა და ჭურიის შესართავებში, ზოგან უფრო ზევით ადის.[4]
უპირატესად იკვებება მცირე ზომის თევზებით (ქამსა, ქარსალა და სხვ.). ნაკლებად იყენებს პლანქტონს და ფსკერულ კიბოსნაირებს. მამალი სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს, დედალი — სამ წელში. ქვირითს ყრის (10-დან 141 ათასამდე ცალს) მაისიდან აგვისტოს ნახევრამდე, მდინარეებსა და ტბებში.[2] ტოფობის შემდეგ უმეტესობა იღუპება, თუმცა ზოგიერთი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მეორედ და მესამედაც მრავლდება.[3]
შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან იჭერენ მცირე რაოდენობით, შედარებით უხვად — მდინარე დონსა და ქერჩის სრუტეში.[4] ქაშაყებში ყველაზე ცხიმიანი (18,8-21,8 %) და გემრიელია. უმეტესად იყენებენ დამარილებულს, ამზადებენ კონსერვებსაც.[2] შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში (როგორც მოწყვლადი სახეობა)[5] და ბერნის კონვენციის III დანართში.[6]