ფედერაციული სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფედერაციული სახელმწიფო (ლათ. foedus – შეთანხმება) — წარმოადგენს ნაწილობრივი თვითმმართველობის უფლების მქონე სახელმწიფოებისა ან რეგიონების კავშირს, რომელთაც აერთიანებს ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება. ეს არის სახელმწიფო მოწყობის ფორმა, რომლის დროსაც საქმე გვაქვს რთულ საკავშირო სახელმწიფოსთან. ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანებულია რიგი ყოფილი სახელმწიფოები ან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც ფედერაციის სუბიექტების სახელწოდებითაა ცნობილი. ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოების თვითმმართველობის სტატუსი, ჩვეულებრივ კონსტიტუციურადაა გაფორმებული და მისი შეცვლა ცენტრალური ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლებელია. ფედერაციულ სახელმწიფოს მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ავსტრალია, კანადა, რუსეთი, შვეიცარია. მაგალითად გერმანიის შემადგენლობაში შედის 16 მიწა. ფედერაციების დაარსება ხშირად ხდება რამდენიმე სუვერენულ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. იგულისხმება, რომ კონფედერაცია სტრუქტურულად იგივეა, რაც ფედერაცია. ოღონდ, ფედერაციისგან განსხვავებით, კონფედერაციას გააჩნია უფრო სუსტი ცენტრალური ხელისუფლება.
წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით ფედერაციას უწოდებენ ისეთ სახელმწიფოს რომელიც დაყოფილია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ავტონომიებად და შეზღუდული უფლებით აღჭურვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს წარმოადგენენ. რომლის შედეგადაც მიიღება ერთი ახალი თვისობრივი სახელმწიფო. ფედერაციის სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ შტატები, მიწები, რესპუბლიკები, პროვინციები, მათ არ გააჩნიათ სუვერენიტეტი, მაგრამ სარგებლობენ დამოუკიდებლობით ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ფედერაციის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანო, სასამართლოს ხელისუფლება და სხვა სახელმწიფო ორგანოები.
ფედერაციის უმთავრესი საკითხია, კომპეტენციათა გამიჯვნა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფედერაციის სუბიექტთა შორის. ფედერაცია - წარმოადგენს ერთ სახელმწიფოში, რამდენიმე სუბიექტის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელიც ორიენტირებულია საერთო მიზნის მიღწევაზე, ფედერალური ხელისუფლების მეშვეობით, იმ პირობით რომ ფედერაციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს შეუნარჩუნდება განსაზღვრული დამოუკიდებლობა ფედერაციის ფარგლებში. ფედერაციული სახელმწიფოს არსებობას განსაზღვრავს სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ერთეულების (ნაწილების) ურთიერთდამოკიდებულების ხასიათი, კერძოდ თუ რა დონის კონტროლს ახორციელებს ფედერალური ხელისუფლება ფედერაციის სუბიექტებზე და რა სახით ხორციელდება აღნიშნულ სუბიექტებს შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხების დარეგულირება.