რუსეთის დემოგრაფია
რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლები / From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის დემოგრაფია — რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მახასიათებლები, მათ შორის, მოსახლეობის ზრდა, სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეკონომიკური სტატუსი და სხვა საკითხები.
2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა, ყირიმის ჩაუთვლელად (მისი ანექსია არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ[1][2][3]), 144 498 215 ადამიანს შეადგენს. ამავე თარიღის მონაცემებით, ყირიმისა და სევატოპოლის ჩათვლით, მოსახლეობა 146 804 372 კაცს შეადგენს[4].
2015 წლის მონაცემების მიხედვით, შობადობის საერთო მაჩვენებებლით — 1.777 შვილი თითოეულ ქალზე[5], აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უმაღლესი იყო. 2013 წელს, რუსეთის მოსახლეობამ, 1990 წლის შემდეგ პირველად განიცადა მოსახლეობის ბუნებრივი მატება, რაც 22 700 ადამიანს შეადგენდა. იმიგრაციის გათვალისწინებით, მოსახლეობა 294 500-ით გაიზარდა.
2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 81%-ს ეთნიკური რუსები შეადგენენ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნული ხვედრითი წილი, სტაბილურობას ინარჩუნებს[6][7]. შემდეგი ექვსი სხვა ეროვნების მოსახლეობის რაოდენობა, 1 მილიონს აღემატება: თათრები (3.9%), უკრაინელები (1.4%), ბაშკირები (1.1%), ჩუვაშები (1%), ჩეჩნები (1%) და სომხები (0.9%). საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 160 განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია დასახლებული.
რუსეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე, 8.4 კაცი 1 კვ. კმ-ზე, რის მიხედვითაც, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით მაღალია ქვეყნის ევროპულ ნაწილში, რომლისთვისაც ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. მოსახლეობის 74% ურბანულია, რაც რუსეთს ძალზე ურბანიზებულ ქვეყანად წარმოაჩენს.