პრესის თავისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
პრესის თავისუფლება ან მედიის თავისუფლება — პრინციპი, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებით — ბეჭდური და ელექტრონული მედია, განსაკუთრებით გამოქვეყნებული მასალებით — თავისუფლად კომუნიკაციას და გამოხატვის უფლებას გულისხმობს, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტ ჩარევას; მისი, როგორც უფლების, დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს კონსტიტუციით ან სხვა სამართლებრივი დოკუმენტით.
სახელმწიფო ინფორმაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მთავრობას შესაძლებლობა აქვს გამიჯნოს საჯარო და დაცული ინფორმაცია ერთმანეთისგან. მონაცემთა დაცვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შესაძლებელია ხორციელდებოდეს ორი მიზეზით — იგი შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ ან საიდუმლო ინფორმაციას; ან ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო ინტერესებს. ხშირად სახელმწიფო უწყებებს ექვემდებარება გამჭვრივალობის წესები ან კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ინტერესის სფეროს განსაზღვრისთვის, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გამოითხოვონ ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო ფლობს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ნათქვამია: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად“.[1]
ჩვეულებისამებრ, აღნიშნული ფილოსოფიური სისტემა განმტკიცებულია საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების, გამოქვეყნებისა და პრესის თავისუფლებას. სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციაზეა დამყარებული ის კანონმდებლობა, რომელიც იცავს პრესის თავისუფლებას. სიტყვის თავისუფლების კონცეფციას ხშირად ფარავს პრესის თავისუფლების დამცველი კანონები, რომლებიც უშუალოდ ეხება გამოხატვას სიტყვით ან გამოქვეყნებით. შვედეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც პრესის თავისუფლება კონსტიტუციით გაამყარა და მასში ასახა, პრესის თავისუფლების შესახებ 1766 წლის აქტის საფუძველზე.