ოტო I დიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო I დიდი (გერმ. Otto I. der Große; დ. 23 ნოემბერი, 912, ვალჰაუზენი, საქსონია-ანჰალტი — გ. 7 მაისი, 973, მემლებენი, საქსონია-ანჰალტი) — საქსონიის ჰერცოგი, აღმოსავლეთ ფრანკების მეფე 936 წლიდან და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 962 წლიდან. ჰაინრიხ I-ისა და მისი მეუღლე მატილდა ვესტფალიელის შვილი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტო I. |
თავისის საშინაო პოლიტიკით განამტკიცა ადრეფეოდალური გერმანული სახელმწიფო. ჰერცოგთა სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეყრდნობოდა სამღვდელოებას, რომელსაც ფართო იმუნიტეტურ პრივილეგიებს ანიჭებდა.
ახორციელებდა დაპყრობით პოლიტიკას აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. განაგრძო პოლაბების მიწა-წყლის დაპყრობა. მათ გასაქრისტიანებლად დააარსა მაგდებურგის საარქიეპისკოპოსო (968 წელი). 951 წელს დაიმორჩილა ლომბარდია. 955 წელს ლეხის ველზე (აუგსბურგთან) დამარცხა უნგრელები. 961 წელს რომის პაპის იოანე XII-ის დახმარების საბაბით გაილაშქრა რომზე და 962 წლის 2 თებერვალს პაპმა იმპერატორად აკურთხა. ამით დასაბამი მიეცა საღვთო რომის იმპერიას. 967-971 წლებში ოტო I ცდილობდა სამხრეთ იტალიის დაპყრობას, მაგრამ ვერ შეძლო. ფაქტობრივად ოტო I-მა სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა პაპები და ისინი თავისი პოლიტიკის იარაღად აქცია. თანამედროვენი ოტო I-ს დიდს უწოდებენ.
დაკრძალულია გერმანიაში, მაგდებურგის სანქტ-მაურიციუსის კათედრალში.