მარიამ სტიუარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიამ I, მერი (დაბადებული მარიამ სტიუარტი (ინგლ. Mary Stewart; დ. 8 დეკემბერი 1542 — გ. 8 თებერვალი 1587) — შოტლანდიის დედოფალი დაბადებიდან, საფრანგეთის დედოფალი 1559–1560 წწ. (როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე) და ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. იგი ძალზედ ცნობილი გახდა თავისი ტრაგიკული ისტორიით, რომელიც სხვადასხვა მწერალმა აღწერა საკუთარ ნაწარმოებში.
მარიამ I სტიუარტი | |
---|---|
Mary I Stewart | |
შოტლანდიის დედოფალი | |
კორონაცია: | 9 სექტემბერი 1543 |
მმართ. დასაწყისი: | 14 დეკემბერი 1542 |
მმართ. დასასრული: | 24 ივლისი 1567 |
წინამორბედი: | ჯეიმზ V |
მემკვიდრე: | ჯეიმზ VI |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 ივლისი 1559 |
მმართ. დასასრული: | 5 დეკემბერი 1560 |
წინამორბედი: | ეკატერინე მედიჩი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 დეკემბერი, 1542 |
დაბ. ადგილი: | შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1587 (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ინგლისი |
მეუღლე: |
1. ფრანსუა — საფრანგეთის მეფე 2. ჰენრი სტიუარტი 3. ჯეიმზ ჰეპბერნი |
შვილები: | ჯეიმზი |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჯეიმზ V |
დედა: | მარია დე გიზი |
ხელმოწერა: | |
მარიამი, ჯეიმზ V-ის ერთადერთი კანონიერი შვილი, მხოლოდ 6 წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა და მან ტახტი დაიკავა. ბავშვობის დიდი ნაწილი მარიამმა საფრანგეთში გაატარა, შოტლანდიას კი რეგენტები მართავდნენ. 1558 წელს იგი დაქორწინდა საფრანგეთის დოფინზე, ფრანსუა II-ზე. ახალგაზრდა დოფინი საფრანგეთის ტახტზე 1559 წელს ავიდა, შესაბამისად მარიამი საფრანგეთის დედოფალი იყო 1560 წლის 5 დეკემბრამდე, ქმრის გარდაცვალებამდე. დაქვრივების შემდეგ მარიამმა შოტლანდიაში დაბრუნება გადაწყვიტა და 1561 წლის 19 აგვისტოს შოტლანდიის საპორტო ქალაქ ლითში ჩავიდა. ოთხი წლის შემდეგ იგი დაქორწინდა თავის მამიდაშვილზე, ჰენრი სტიუარტზე, მაგრამ მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. 1567 წელს დღემდე უცნობი მიზეზების გამო მისი რეზიდენცია აფეთქდა და ჰენრი სტიუარტი ბაღში მკვდარი იპოვეს.
ჯეიმზ ჰეპბერნი, ბოთუელის მე-4 გრაფი, ჰენრის სიკვდილში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლებოდა, თუმცა 1567 წლის აპრილში იგი გაამართლეს, რის შემდეგაც ერთ თვეში მარიამ სტიუარტზე იქორწინა. წყვილის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების შემდეგ მარიამი ლოხლევენის ციხესიმაგრეში იყო დატყვევებული. 1567 წლის 24 ივლისს იგი იძულებული გახდა, გადამდგარიყო თავისი ერთი წლის ვაჟის, ჯეიმზის სასარგებლოდ, რომელიც მას დარნლის ჰერცოგისაგან ჰყავდა. ტახტის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მარიამი სამხრეთის მიმართულებით გაიქცა და მფარველობა სთხოვა ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ს. მანამდე მარიამს პრეტენზია ჰქონდა ინგლისის ტახტზე და ელისაბედის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. მეტიც, ბევრი ინგლისელი კათოლიკე სწორედ მას მიიჩნევდა ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. ელისაბედმა მარიამი საფრთხედ მიიჩნია და დაატყვევა. თვრამეტწლიანი ტუსაღობის შემდეგ მარიამს ბრალი დასდეს ელისაბედის მკვლელობის მცდელობაში და სიკვდილით დასაჯეს.
სწორედ მარიამ სტიუარტმა დაამკვიდრა გამოყენებაში დინასტიის სახელის გაფრანგულებული ვერსია Stuart, მანამდე მიღებული Stewart-ის ნაცვლად.