მარტინ ბორმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარტინ ბორმანი (გერმ. Martin Bormann; დ. 17 ივნისი, 1900, ვეგელებენი, გერმანიის იმპერია — გ. 2 მაისი, 1945, ბერლინი, მესამე რაიხი) — გერმანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის პარტიული კანცელარიის ხელმძღვანელი (1941–1945), ფიურერის პირადი მდივანი (1943–1945), პარტიის საქმეების რაიხსმინისტრი (30 აპრილი – 2 მაისი, 1945), ფიურერის მოადგილის შტაბის ხელმძღვანელი (1933–1941), რაიხსლაიტერი (1933–1945).
1922 წელს გაწევრიანდა ფრაიკორში. რუდოლფ ჰესთან ერთად ვალტერ კადოვის მკვლელობის გამო[კომ. 1] თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში. 1927 წელს გახდა ნაცისტური პარტიის წევრი. მუშაობდა სადაზღვევო განყოფილებაში, 1937 წლიდან კი შუცშტაფელში (SS).[კომ. 2] 1933 წელს ბორმანი დაინიშნა ფიურერის მოადგილის, რუდოლფ ჰესის შტაბის ხელმძღვანელად.
სამსახუროებრივ მდგომარეობას იყენებდა საკუთარი გავლენის და ბიურიოკრატიული აპარატის შესაქმნელად. 1935 წლიდან ასრულებდა ადოლფ ჰიტლერის პირადი მდივანის მოვალეობას (1943 ბორმანი ოფიციალურად დაამტკიცეს ამ პოსტზე), შედიოდა მის პირად გარემოცვაში, აწვდიდა უახლესი მოვლენების შეჯამებას და მისთვის ბრიფინგების ორგანიზაციას ახდენდა. მას შემდეგ, რაც ჰიტლერის მოადგილე რუდოლფ ჰესი თვითნებურად გადაფრინდა გაერთიანებულ სამეფოში სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის, ბორმანი გახდა ნაცისტური პარტიის პარტიული კანცელარიის ხელმძღვანელი და თავის თავზე აიღო ფიურერის ყოფილი მოადგილის მოვალეობები. ბორმანი თვითონ ნიშნავდა ადამიანებს სამოქალაქო პოსტებზე და აკონტროლებდა ახალი კანონმდებლობის მიღებას, რამაც მას 1943 წლის ბოლოსათვის შიდა პოლიტიკის დე-ფაქტო კონტროლი მოუტანა. დიდი გავლენის გამო შეიძინა არაერთი მტერი ნაცისტური პარტიის ელიტიდან — იოზეფ გებელსი, ალბერტ შპეერი, ჰერმან გერინგი და სხვა. ბორმანი იყო ქრისტიანული ეკლესიის, ებრაელების და სლავების დევნის ერთ-ერთი მთავარი მომხრე.
1945 წლის 16 იანვარს ჰიტლერთან ერთად გადავიდა ფიურერბუნკერში. ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ 2 მაისს ჯგუფთან ერთად დატოვა რაიხსკანცელარია. სავარაუდოდ, თავი მოიკლა ლერტსკის ვაგზალთან ახლოს. ნიურნბერგის პროცესზე დაუსწრებლად მიუსაჯეს ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასჯა ადამიანობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გამო. 1972 წელს, გათხრების შემდეგ, აღმოაჩინეს ბორმანის ნეშტი.