ელიზაბეტ დე ვალუა
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეტ დე ვალუა (ფრანგ. Élisabeth de Valois, ესპ. Isabel de Valois; დ. 2 აპრილი, 1545, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო — გ. 3 ოქტომბერი, 1568, არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელი — ვალუას დინასტიის ანჟულიმელთა განშტოების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. ესპანეთის კოლონიური იმპერიის დედოფალი 1559-1568 წლებში როგორც ფილიპე II-ის მესამე ცოლი.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ელიზაბეტ დე ვალუა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ელიზაბეტ დე ვალუა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ელიზაბეტ დე ვალუა | |
---|---|
Élizabeth de Valois | |
ელიზაბეტ ვალუას პორტრეტი, შესრულებულია სოფონისბა ანგისოლას მიერ 1565 წელს | |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივნისი, 1559 |
მმართ. დასასრული: | 3 ოქტომბერი, 1568 |
წინამორბედი: | მერი ტიუდორი |
მემკვიდრე: | ანა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 აპრილი, 1545 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 3 ოქტომბერი, 1568, (23 წლის) |
გარდ. ადგილი: | არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
1. ისაბელ კლარა ეუხენია, ავსტრიის ერცჰერცოგინია 2. კატალინა მიკაელა, სავოიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში და გაიზარდა თითქმის მისსავე ასაკის ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ფრანსუასთან და მის მომავალ ცოლთან, შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტთან ერთად, რომელთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მშვიდი და კეთილი ელიზაბეტი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე მედიჩს, მაგრამ დედოფალს ის მაინც გამორჩეულად უყვარდა.
1551 წლიდან იგეგმებოდა მისი დაქორწინება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, თუმცა სასიძოს ადრეული გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა.[2] ამის შემდეგ იგი დანიშნეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთადერთ ვაჟზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე. თუმცა, 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ელიზაბეტი პირდაპირ მეფე ფილიპეს შერთეს ცოლად[3]. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ელიზაბეტის მამა. მათი მარიონეტული ქორწინება ჯერ ნოტრ-დამში შედგა, სადაც ფილიპეს როლს ალბას ჰერცოგი ასრულებდა, ნამდვილი ქორწილი კი გვადალახარაში გაიმართა.[3] ამრიგად 14 წლის ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა, როგორც ფილიპეს მესამე ცოლი.
მეფე ფილიპე ძლიერ მოიხიბლა თავისი მეუღლით, რის გამოც სამეფო კარიდან თავისი ყველა საყვარელი გაუშვა და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, თავად ელიზაბეტსაც მალევე შეუყვარდა ქმარი. თავის წერილებში იგი დედას უმხელს, რომ ქორწინებით დიდად კმაყოფილი იყო. ფილიპე ზრუნავდა თავისი ცოლის გართობასა და სიამოვნებაზე, რის გამოც მან დაუქირავა პირველი იტალიელი ქალი მხატვარი სოფონისბა ანგისოლა, რომელიც ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი იყო 1569 წლამდე.[4] ელიზაბეტი ზრუნავდა სამ ახალგაზრდა პრინცზე, რომლებიც სამეფო კარზე ცხოვრობდნენ, ესენი იყვნენ დონ კარლოსი (ფილიპეს ვაჟი პირველი ცოლისგან), დონ ხუანი (ფილიპეს მამის, იმპერატორ კარლ V-ის უკანონო ვაჟი) და ალესანდრო ფარნეზე (კარლ V-ის უკანონო ქალიშვილის, მარგარეტის ვაჟი). სწორედ ამის გამო მეფესა და დედოფალს კიდევ უფრო ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.[5] მიუხედავად დონ კარლოსის უცნაური და შეშლილი ქმედებებისა, ელიზაბეტს მისდამი მაინც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და როცა ფილიპემ იგი დააპატიმრებინა, დედოფალი რამდენიმე დღის განმავლობაში ტიროდა.[6]
მიუხედავად ასეთი ბედნიერებისა მან ვერ შესძლო ფილიპესთვის მემკვიდრე გაეჩინა.[7] მას მხოლოდ ორი ქალიშვილი ეყოლა — ისაბელ კლარა ეუხენია და კატალინა მიკაელა. საბოლოოდ კი 1568 წელს 23 წლის ასაკში მშობიარობას გადაჰყვა. [8]მართალია ფილიპე დიდად განიცდიდა მის დაკარგვას, მაგრამ მან მაინც იქორწინა მეოთხედ ანა ავსტრიელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფილიპე III.[8]
მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი ისტორია და ლეგენდა შეთხზეს მის ცხოვრებაზე. ამათგან ყველაზე საინტერესოა ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ფარული სიყვარულის ისტორია, რომელიც ოპერა „დონ კარლოსს“ დაედო საფუძვლად.