ბულგარეთის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგარეთის ისტორია მოიცავს თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე პირველი დასახლებების გაჩენიდან ბულგარელების ეროვნულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე. ბულგარეთში აღმოჩენილი ადრეული ადამიანების დასახლებები თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 44 000 - 5000 პერიოდში. პირველი ორგანიზებული ცივილიზაციის ნიშნები ჩნდება ძვ. წ. 3000 წლიდან. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თრაკიელები პირველად ძვ. წ. 500 წელს გამოჩნდნენ, როდესაც მათ შექმნეს ძლიერი ოდრისული სამეფო. შემდგომ მათი სამეფო მაკედონელების, კელტების და რომის იმპერიის ზეწოლის ქვეშ განადგურდა. თრაკიული კულტურის დაცემის პარალელურად ბალკანეთში იწყება სლავების ჩამოსახლების პროცესი.
632 წელს ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ბულგარებმა შავი ზღვის ჩრდილოეთით კუბრატის ხელმძღვანელობით შექმნეს დამოუკიდებელი სამეფო, რომელიც დიდი ბულგარეთის სახელითაა ცნობილია.[1] VII საუკუნის მეორე ნახევარში ხაზარების ზეწოლის გამო დიდი ბულგარეთი დაიშალა. კუბრატის მესამე შვილი ასპარუხი ბულგარული ტომების ერთ ნაწილთან ერთად გადავიდა დუნაის დელტის ტერიტორიაზე. იქ მან ბიზანტიის იმპერიის პროვინციები მცირე სკვითია და მეზია დაიპყრო, რითიც თავის სამფლობელოები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კიდევ უფრო განავრცო.[2] ბიზანტიასთან 681 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება და ბულგარელების პირველი დედაქალაქის პლისკას დაარსება ითვლება ბულგარეთის პირველი იმპერიის არსებობის დასაწყისად. ახალმა სამეფომ გააერთიანა თრაკიული მოსახლეობის ნარჩენები, სლავები, ბულგარელები და დააჩქარა ასიმილაციის პროცესი. შემდეგ საუკუნეებში სამხედრო ძალის გამოყენებით ბულგარეთი იქცა ბალკანენთის დომინანტ სახელმწიფოდ.[3] მის კულტურულად და ეთნიკურად განსხვავებულ მოსახლეობას აერთიანებდა რელიგია ენა და ალფავიტი.
XI საუკუნეში ბულგარეთის პირველი იმპერია დამარცხდა ბიზანტიასთან ბრძოლაში და მის შემადგენლობაში შევიდა. 1185 წელს ასენების დინასტიის ორი ძმა ასენი და პეტერი ჩაუდგნენ თავში ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას. მათ შეძლეს წარმატების მიღწევა და ააღორძინეს ბულგარეთის იმპერია, რომელიც ბულგარეთის მეორე იმპერიის სახელითაა ცნობილი. მეორე იმპერიის ძლიერებამ პიკს 1230-იან წლებში მიაღწია, შემდგომ მრავალმხრივი შემოსევების ფონზე იწყება მისი დასუსტება. შემდგომი შედარებით მშვიდობიანი პერიოდი ბულგარეთს ჰქონდა 1300 - 1371 წლებში, ხოლო შემდეგ ის გაიყო სამ პატარა სამეფოდ. 1396 მთლიანი ბულგარეთი მოექცა ოსმალეთის იმპერიაში, ამის შემდეგ ბულგარეთის მმართველები ინიშნებოდნენ ოსმალების მიერ. შემდგომი 500 წელი ბულგარეთის ინტელექტუალური და კულტურული უკუსვლის პერიოდი იყო. ასევე ბულგარეთი იზოლირებული იყო ევროპისგან.