ბოგოტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოგოტა (ესპ. Bogotá; 2000 წლამდე ერქვა სანტა-დე-ბოგოტა) — კოლუმბიის დედაქალაქი. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კოლუმბიის ყველაზე დიდი ქალაქი. აგრეთვე კუნდინამარკის დეპარტამენტის დედაქალაქი.[1] ბოგოტა პირველი რიგის ტერიტორიული ერთეულია, იგივე ადმინისტრაციული სტატუსით, როგორც კოლუმბიის დეპარტამენტები. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და ინდუსტრიული ცენტრი. ფართობის მიხედვით, ბოგოტა მსოფლიოს 30 უდიდესი ქალაქის სიაშია. მესამეა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის (2625 მ). (ლა-პასისა და კიტოს შემდეგ). ბოგოტაში არაერთი უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ხშირად „სამხრეთ ამერიკის ათენსაც“ უწოდებენ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოგოტა Bogotá | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | Usaquén, Chapinero, Santa Fe, San Cristóbal, Pedro Usme, Tunjuelito, Bosa, Kennedy, Fontibón, Engativá, Suba, Barrios Unidos, Teusaquillo, Los Mártires, Antonio Nariño, Puente Aranda, La Candelaria, Rafael Uribe Uribe, Ciudad Bolívar (Ciudad Simón José Antonio de la Santísima Trinidad Bolívar Ponte - Andrade Palacios Aguirre Blanco) და Sumapaz | ||||
კოორდინატები | 04°35′53″ ჩ. გ. 74°04′33″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | სამუელ მორენო როხასი | ||||
დაარსდა | 6 აგვისტო, 1538 | ||||
ფართობი | 1587 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2640 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 7 304 384 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4670,5 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 11 | ||||
საავტომობილო კოდი | BOG | ||||
ოფიციალური საიტი | bogota.gov.co | ||||
ბოგოტა დაფუძნდა ახალი გრანადის სამეფოს დედაქალაქად, 1538 წლის 6 აგვისტოს, ესპანელი კონკისტადორის გონსალო ხიმენეს დე კესადას ანდებში მუისკების დაპყრობის ექპედიციის შემდეგ. მუისკები რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა იყო და მათ ადგილს უწოდეს „თიბზაკა“ ან „ძველი ქალაქი“. სახელი ბოგოტა ესპანური გამოთქმაა, შეესაბამება ჩიბჩა ბაკატას (ან Mueketá), რომელიც მეზობელი დასახლების სახელი იყო, მდებარეობდა თანამედროვე ქალაქებს ფუნძასა და კოტას შორის. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სიტყვა Bacatá-ს მნიშვნელობის შესახებ, ყველაზე მიღებული ისაა, რომ ჩიბჩას ენაზე ნიშნავს „ფერმის კედელს“.[2][3] კიდევ ერთი პოპულარული თარგმანი ამტკიცებს, რომ ეს ნიშნავს „ანდების ქალბატონს“.[4] გარდა ამისა, სიტყვა „ანდები“ აიმარის ენაზე ნიშნავს „მბრწყინავ მთას“, ამრიგად, ბოგოტის სრული ლექსიკური მნიშვნელობა სახელდება, როგორც „მბრწყინავი მთის ლედი (ღვთისმშობელი)“ (თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მუისკას ხალხის ენა არ იყო აიმარა, არამედ ჩიბჩა). ხიმენეს დე კესადამ დასახლებას უწოდა „ჩვენი იმედის ლედი“, მაგრამ ესპანეთის სამეფომ მიანიჭა სახელი სანტაფე (საღვთო რწმენა) 1540 წელს, როდესაც მან ქალაქის სტატუსი მიიღო.[2] სანტაფე გახდა ესპანეთის მთავრობის სამეფო აუდიენცია, ახალი გრანადის სამეფოში (შეიქმნა 1550), და 1717 წლის შემდეგ ეს იყო ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს დედაქალაქი. 1819 წლის 7 აგვისტოს ბოიაკას ბრძოლის შემდეგ, ბოგოტა გახდა დამოუკიდებელი ერის, დიდი კოლუმბიის დედაქალაქი. სიმონ ბოლივარმა აღადგინა ქალაქი ბოგოტის სახელი, როგორც მუიკას ხალხის პატივისცემის საშუალება და როგორც ემანსიპაციური მოქმედება ესპანეთის გვირგვინის მიმართ.[5] ამრიგად, ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესპანეთის იმპერიისგან და დღევანდელი კოლუმბიის ფორმირების დროს, ბოგოტა ინარჩუნებდა ამ ტერიტორიის დედაქალაქის სტატუსს.
ქალაქი მდებარეობს კოლუმბიის ცენტრში, მაღალ პლატოზე, რომელიც ცნობილია ბოგოტა სავანას სახელით, ალტიპლანო კუნდიბოიასენსის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ანდების აღმოსავლეთ კორდილერაში. დაყოფილია 20 დასახლებად, ბოგოტის ფართობია 1587 კმ² და ხასიათდება შედარებით გრილი კლიმატით, რომელიც მუდმივად გრძელდება მთელი წლის განმავლობაში.
ქალაქში განთავსებულია კოლუმბიის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების (პრეზიდენტის ოფისი), საკანონმდებლო (კოლუმბიის კონგრესი) და სასამართლო განყოფილება (იუსტიციის უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, სახელმწიფო საბჭო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო). ბოგოტა გამოირჩევა ეკონომიკური სიძლიერით. ეს არის კოლუმბიის ფინანსური და კომერციული ცენტრი, ქვეყნის ნებისმიერ ქალაქთან შედარებით ყველაზე აქტიური ბიზნეს საქმიანობით.[6][7] დედაქალაქი მასპინძლობს მთავარ ფინანსურ ბაზარს კოლუმბიასა და ანდების ბუნებრივ რეგიონში, წამყვანი ადგილია ახალი, უცხოური, პირდაპირი ინვესტიციების პროექტებისთვის, რომლებიც შემოდიან ლათინურ ამერიკასა და კოლუმბიაში.[8] მას აქვს ყველაზე მაღალი ნომინალური მშპ ქვეყანაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეოთხედზე (24,7 %).
ქალაქის აეროპორტი, ელ-დორადოს საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც სახელი მითიური „ელ-დორადოს“ გამო უწოდეს, ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ტვირთის მოცულობას ასრულებს და რიგით მესამეა ადამიანთა რიცხვით.[9] ბოგოტა არის ქვეყნის ყველაზე მეტი უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის სახლი,[10] მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც მრავალი თეატრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმია. ბოგოტა მეოთხე ადგილზეა გლობალური ქალაქების ინდექსში 2014 წლის მონაცემით,[11] და GaWC-ის მიერ მიჩნეულია გლობალურ ქალაქებში „ალფა“ ტიპის ქალაქად.[12]