აღმოსავლეთი საქართველო
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი საქართველო — საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთი, რომელიც ვრცელდება ლიხის ქედის აღმოსავლეთით. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს ვრცელი რეგიონები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი. მის ტერიტორიაზეა აგრეთვე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები: ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი, ერწო-თიანეთი და სხვა.
აღმოსავლეთ საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში, ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ მთათა დიდ ზოლში, ზომიერ სარტყელში, ჩრდილო განედის 41° და 42° 46′ შორის და აღმოსავლეთ გრძედის 43° 29′ და 46° 44′ შორის. ასეთი მდებარეობა აპირობებს მისი ტერიტორიის რელიეფის მთიან ხასიათს, კლიმატურ თავისებურებებსა და ლანდშაფტის ნაირგვარობას. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორია ძირითადად გაშლილია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით, თუმცა მცირე ნაწილი მთავარი წყალგამყოფის ჩრდილოეთითაც გადადის. ეს არის საქართველოს ის ნაწილი, მთების ზილგახოხისა (დასავლეთით) და შავიკლდის (აღმოსავლეთით) შორის მონაკვეთზე წყალგამყოფის ჩრდილო ფერდობზეც რომ გადადის. ამ ნაწილს უჭირავს მდინარე ანდის ყოისუს ზემო აუზი — თუშეთი, აგრეთვე მდინარეების: თერგის, ასას და არღუნის ზემო დინებათა აუზები.