აფთრისებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
აფთრისებრნი (ლათ. Hyaenidae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი მტაცებელთა რიგისა. აქვთ მკვრივკუნთოვანი სხეული, ოდნავ წაგრძელებული და მასიური თავი, გრძელი ყურები, სქელი კისერი, მსხვილი და მასიური კბილები, მოკლე, ბანჯგვლიანი კუდი, ფეხებზე გრძელი, ბლაგვი ბრჭყალებით დაბოლოვებული ოთხ-ოთხი თითი, წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. სხეული შემოსილია უხეში ჯაგრისებრი ბალნით. ზოგ სახეობას ზურგზე 20 სმ-მდე სიმაღლის ფაფარი ეზრდება. საერთო შეფერილობა მოყვითალო-რუხი ან მურაა, დაყვება მუქი ზოლები ან ხალები. აფთართა მაკეობა გრძელდება 3 თვემდე. შობენ 2-5 ლეკვს. იკვებებიან მძორით. ასევე შესანიშნავი მონადირეები არიან. ნადირობის მეთოდი დამოკიდებულია მსხვერპლის ზომაზე. ზომით მათზე დიდ ნადირზე ჯგუფურად ნადირობენ. სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, აფთრები მსხვერპლს ღლიან და როდესაც თავდაცვის უნარს კარგავს, ცოცხლად ჭამენ. მცირე ზომის ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობენ. იშვიათად ესხმიან თავს შინაურ ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებს, ძირითადად ბავშვებს. სანადიროდ გამოდიან ღამით.
აფთარი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხალებიანი აფთარი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hyaenidae | ||||||||||||
სახეობები | ||||||||||||
| ||||||||||||
|
აფთარი გავრცელებულია თითქმის მთელ აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ცნობილია აფთრის ოთხი სახეობა. ხალებიანი აფთარი (Crocuta crocuta) - ყველაზე დიდია აფთართა შორის, გავრცელებულია აფრიკის დიდ ნაწილში, საჰარის სამხრეთით. სხეულის სიგრძე 128-166 სმ, სხეული მოხატულია აქვს შავი ხალებით. ზოლებიანი აფთარი (Hyena hyaena) - გვხვდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, მცირე და შუა აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება შირაქიის, ელდარის, ალაზნის, მარნეულისა და გარდაბნის ველებზე. წარსულში თბილისამდე აღწევდა. ამჟამად ყველგან დიდი იშვიათობაა. სხეულის სიგრძე 1 მეტრამდეა; რუხი ფერისაა, გასდევს განივი მუქი ზოლები. მენაპირე აფთარი (Hyaena brunnea) - ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში, ზღვის სანაპიროსთან. მუქი-მურა ფერისაა, განივი ზოლები მხოლოდ ფეხებზე ემჩნევა. მიწის მგელი (Proteles criastus) - გვხვდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ტრამალებში. აფთართა შორის ყველაზე მცირე ზომისაა. იკვებება ჭიანჭველებითა და ტერმიტებით.
დედამიწაზე აფთრები წარმოიშვნენ მიოცენური ერის დასასრულს (254-255 მილიონი წლის წინათ). მათი წინაპრები იყვნენ ვივერისებრთა (Viverridae) ოჯახის წარმომადგენლები. პირველი აფთარი გარეგნულად ძალიან ჰგავდა ციბეტას.
პლეისტოცენურ ერაში დედამიწაზე არსებობდა ცხოველი, რომელსაც გამოქვაბულის აფთარს ეძახდნენ და იგი ორჯერ დიდი იყო დღევანდელ აფთარზე.
აფთრების ყველა სახეობას წინა კიდურები უკანა კიდურებზე გრძელი აქვთ. გადაადგილებისას წინა და უკანა კიდურების წყვილები ერთად მოძრაობენ და არა დიაგონალურად, ამიტომ აფთრები ხტუნვა-ხტუნვით დარბიან. ხალებიან აფთრებს მომრგვალებული ყურები აქვთ, ხოლო ზოლებიანსა და მენაპირე აფთრებს — წაწვეტებული.