Mars Science Laboratory
From Wikipedia, the free encyclopedia
Mars Science Laboratory (შემოკლ. MSL, ქართ. მარსის სამეცნიერო ლაბორატორია) — ნასას მისია, რომლის შესრულების დროს მარსის ზედაპირზე დაეშვა და ექსპლუატაციაში შევიდა მესამე თაობის მარსმავალი, „კიურიოსიტი“(ინგლ. Curiosity, [ˌkjʊərɪˈɒsɪti] — ცნობისმოყვარეობა, ცოდნისმოყვარეობა). მარსმავალი წარმოადგენს ავტონომიურ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც თავის წინამორბედი „სფირითისგან“ და „ოფორთუნითისგან“ სიდიდით და გაზრილი მასით განსხვავდება. მისიის ფარგლებში, აპარატმა რამდენიმე თვეში 5-დან 20 კილომეტრამდე უნდა დაფაროს და ჩაატაროს მარსული ნიადაგისა და ატმოსფეროს კომპონენტების სრულფასოვანი კვლევა. კონტროლირებადი და ზუსტი დაშვებისთვის გამოყენებულ იქნა დამატებითი სარაკეტო ძრავები. ქიურიოსითის გაშვება მოხდა კანავერალის კონცხზე მდებარე აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზიდან, 2011 წლის 26 ნოემბერს, UTC 15:02:00.211, რბილი დაშვება კი განხორციელდა გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს, UTC 05:17:57.3.
MSL — ნასას გრძელვადიანი პროექტი, Mars Exploration Program რობოტიზირებული ზონდებით მარსის შესასწავლად. ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს გარდა, პროექტში მონაწილეობენ კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია. პროექტს ხელმძღვანელობს დუგ მაკკისტიონი, ნასას თანამშრომელი, სხვა პლანეტების შემსწავლელი განყოფილებიდან. პროექტ MSL-ის სრული ღირებულებაა 2,5 მლრდ. ამერიკული დოლარი.
ნასას სპეციალისტების გადაწყვეტილებით მარსმავალი გეილის კრატერში გაიგზავნა, რადგან უზარმაზარ ღრმულში კარგად ჩანს მარსული გრუნტის სიღმული ფენები, რომლებიც წითელი პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას ფარდას ახდიან. სახელწოდება ქიურიოსითი მარსმავალს დაერქვა 2009 წელს. ამ სახელწოდებამ გაიმარჯვა ინტერნეტ გამოკითხვის მეშვეობით, მოსწავლეების მიერ წარდგენილ ვარიანტებს შორის.