COVID-19-ის დიაგნოსტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
COVID-19-ის დიაგნოსტიკა — COVID-19-ის (კორონავირუსული დაავადება 2019) გამოვლენა, დადასტურება და შეფასება სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებით. ვიწრო გაგებით, COVID-19-ის დიაგნოსტიკა გულისხმობს ადამიანის ორგანიზმში გამომწვევის — SARS-CoV-2 ვირუსის არსებობის ლაბორატორიულ გამოვლენას მისი უშუალო იდენტიფიცირების ან ინფექციის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულების დადგენის გზით. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ბიოქიმიური ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (ინგლ. PCR) სახელით, ხოლო ანტისხეულების გამოვლენა ხდება სეროლოგიური დიაგნოსტიკის გზით და მოწოდებულია როგორც ინდივიდუალური დიაგნოსტიკისთვის, ასევე მოსახლეობის ფართო ტესტირებისთვის. სეროლოგიური მეთოდი ავლენს თუ რამდენ ადამიანს ჰქონდა ვირუსული ინფექცია, მათ შორის, ასიმპტომური (ჩივილების გარეშე) ან მინიმალურად სიმპტომური ფორმა. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ზუსტი ეპიდემიოლოგიური შეფასება ისეთი მაჩვენებლებისა, როგორიცაა სიკვდილიანობის სიხშირე და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის დონე პოპულაციაში.
პანდემიის გავრცელების პირველ თვეებში, 2020 წლის მარტისთვის, შეზღუდული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გამო გლობალურად არსად არსებობდა ავადობის სარწმუნო სტატისტიკა.[1] 11 აპრილისთვის მოსახლეობის 10%-ზე მეტს არცერთ ქვეყანაში არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი ტესტირება, ხოლო თვით დიაგნოსტიკური ანალიზების სიხშირე და ხელმისაწვდომობა ფართოდ ცვალებადობდა ქვეყნების მიხედვით.[2] ასეთ ცვალებადობაზე მოქმედებდა ბევრ ქვეყანაში სავარაუდოდ გაზვიადებული ლეტალობის ფარდობითი მაჩვენებელი (case fatality rate), რომელიც გამოწვეული იყო შერჩევის ცდომილებით.[3][4][5]