სანტიმეტრი-გრამი-წამი ერთეულთა სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
სანტიმეტრი-გრამი-წამი ერთეულთა სისტემა, ერთეულთა CGS სისტემა, სგწ სისტემა (ინგლ. CGS system) — ფიზიკური სიდიდეების გაზომვის მეტრული სისტემა, რომელიც ეფუძნება სანტიმეტრს როგორც სიგრძის ერთეულს, გრამს როგორც მასის ერთეულს და წამს როგორც დროის ერთეულს. ყველა სხვა მექამიკური სიდიდის ზომის ერთეული ცალსახად განიმარტება ამ სამი საბაზისო ერთეულით. არსებობს სგწ სისტემის ელექტრომაგნიტური სიდიდეებისათვის გაფართოების რამდენიმე ვარიანტი.
სგწ სისტემა მნიშვნელოვნად იყო შევიწრებული მეტრი-კილოგრამი-წამი ერთეულთა სისტემის (მკწ სისტემა) მიერ, რომელიც ეფუძნება მეტრს, კილოგრამს და წამს. მოგვიანებით მკწ სისტემა იქნა გაფართოებული და ჩანაცვლებული SI სისტემით. ეს უკანასკნელი ძირითად ერთეულებად გარდა ნახსენები სამი ერთეულისა მოიცავს ამპერს, მოლს და კანდელას. დღეს SI სისტემა ერთეულთა ერთადერთი ოფიციალური სისტემაა, თუმცა არსებობს მეცნიერების დარგები, რომლებიც ძირითადად სგწ სისტემას იყენებენ (მაგალითად თეორიული ფიზიკა, ასტროფიზიკა, პლაზმის ფიზიკა და ა. შ.).
მექანიკური სიდიდეების გაზომვისას (სიგრძე, მასა, ენერგია, ძალა, წნევა და ა. შ.) განსვავება სგწ და SI სისტემას შორის ტრივიალურია. ყველა გადაყვანის კოეფიციენტი 10-ის ხარისხს წარმოადგენს, რომელიც მარტივად მიიღება შემდეგი თანაფარდობებიდან 100 სმ = 1 მ და 1000 გ = 1 კგ. მაგალითად, სგწ სისტემაში ძალის ერთეული არის დინი, რომელიც ტოლია 1 გ·სმ/წმ2, ხოლო SI სისტემაში ძალის ერთეული არის ნიუტონი, 1 კგ·მ/წმ2. მაშასადამე ტრივიალური გარდაქმნებით მივიღებთ 1 დინი=10−5 ნიუტონს.
მეორე მხრივ, ელექტრომაგნიტური სიდიდეების გაზომვისას (მუხტი, ელექტრული ველი, მაგნიტური ველი, ძაბვა და ა. შ.) სგწ და SI სისტემის ერთეულებს შორის გადასვლა ბევრად უფრო კომპლექსურია. რეალურად ელექტრომაგნიტური ველის განტოლებების - მაქსველის განტოლებების იცვლება ერთეულთა სისტემის მიხედვით. ეს გამოწვეულია იმ გარემებით, რომ მექანიკური სიდიდეებისგან განსხვავებით, ელექტრომაგნიტური სიდიდეებისთვის არ არსებობს ურთიერთცალსახა კავშირი სხვადასხვა ერთეულთა სისტემაში მოცემულ ფიზიკურ სიდიდეებს შორის. მეტიც, თავად სგწ სისტემის ფარგლებში შესაძლებელია ელექტრომაგნიტური ერთეულების სხვადასხვა სისტემის შემოღება, რომლებიც ქმნიან სგწ სისტემის ქვესისტემებს, როგორიცაა გაუსის ერთეულთა სისტემა, ელექტროსტატიკურ ერთეულთა სისტემა, ელექტრომაგნიტურ ერთეულთა სისტემა და ა. შ.