ჯონ უილიამსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ტაუნერ უილიამსი (ინგლ. John Williams; დ. 8 თებერვალი, 1932) — ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი. კარიერის განმავლობაში, რომელიც ექვს ათწლეულზე მეტს გრძელდება, უილიამსმა შექმნა კინემატოგრაფის ისტორიაში არაერთი პოპულარული, ცნობადი და კრიტიკულად აღიარებული კინომუსიკის ნიმუში, მათ შორისაა მუსიკა ფილმებისთვის „ვარსკვლავური ომები“ (ყველა ეპიზოდი), „ყბები“, „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“, „სუპერმენი“, „E. T. უცხოპლანეტელი“, „ინდიანა ჯონსის“ ფრენჩაიზი, პირველი ორი ფილმი „მარტო სახლშის“ სერიებიდან, „კაუჭა“, პირველი ორი ფილმი „იურული პარკის“ სერიებიდან, „შინდლერის სია“ და პირველი სამი ფილმი „ჰარი პოტერის“ სერიებიდან.[6] უილიამსი დაკავშირებულია რეჟისორ სტივენ სპილბერგთან 1974 წლიდან და დაწერილი აქვს მუსიკა მისი ყველა სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, გარდა სამისა.[7] უილიამსის სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მუსიკა 1984 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, NBC Sunday Night Football-ისთვის, მუსიკალური თემა „მისია“, რომელსაც იყენებდნენ NBC News და Seven News ავტრალიაში, სატელევიზიო სერიალი „კოსმოსში დაკარგულები“ და „გოლიათების მიწა“, ასევე, ინციდენტური მუსიკა „გილიგანის კუნძულის“ პირველი სეზონისთვის.[8] უილიამსს შექმნილი აქვს აგრეთვე არაერთი კლასიკური კონცერტი და სხვა ნამუშევრები საორკესტრო ანსამბლებისა და სოლო ინსტრუმენტებისათვის. ის იყო Boston Pops ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1980–1993 წლებში, ხოლო ამჟამად მისი საპატიო დირიჟორია.[9]
ჯონ უილიამსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 თებერვალი, 1932(1932-02-08)[1] [2] [3] [4] [5] (92 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[1] |
ხელმოწერა | |
ჯონ უილიამსი ვიკისაწყობში |
უილიამსს მოპოვებული აქვს 24 გრემი, 7 ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო, 5 ოსკარი და 4 ოქროს გლობუსი. 51 ოსკარის ნომინაციით, ის მხოლოდ უოლტ დისნეის ჩამორჩება.[10][11] 2005 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა უილიამსის 1977 წლის მუსიკა „ვარსკვლავური ომებისათვის“ დაასახელა, როგორც ყელა დროის უდიდესი ამერიკული კინომუსიკა. „ვარსკვლავური ომების“ საუნდტრეკი ასევე დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკის ჩანაწერთა ეროვნულ რეესტრში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად გამორჩეული“.[12] 2000 წელს უილიამსი შეიყვანეს ჰოლივუდის დიდების დარბაზში, 2004 წელს მიიღო კენედის ცენტრის ჯილდო, ხოლო 2016 წელს — ჯილდო განსაკუთრებული მიღწევისთვის ამერიკის კინოინსტიტუტისაგან. აშშ-ში 20 ყველაზე შემოსავლიანი ფილმიდან 8 ფილმის მუსიკა ჯონ უილიამსს ეკუთვნის.[13]