ჯესი ჯეიმზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯესი ვუდსონ ჯეიმზი (ინგლ. Jesse Woodson James; დ. 5 სექტემბერი, 1847 — გ. 3 აპრილი, 1882) — ამერიკელი კრიმინალი, მძარცველი, მკვლელი. მოღვაწეობდა მისურის შტატში. ჯესი ჯეიმზი სიცოცხლეშივე ცნობილი ადამიანი იყო, გარდაცვალების შემდეგ კი ველური დასავლეთის ლეგენდარულ ფიგურად იქცა.[1]ჯესი და თავისი ძმა, — ფრენკ ჯეიმზი, — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865) კონფედერატთა პარტიზანულ რაზმში ირიცხებდონენ. ძმები ფედერალური მთავრობის ჯარისკაცების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ომის დასრულების შემდეგ ყაჩაღთა სხვადასხვა ბანდების რიგებში დაიწყეს ბანკების, დილიჟანსების, მატარებლების ძარცვა. მიუხედავად გავრცელებული პოპულარული თვალსაზრისისა, რომლის მიხედვითაც ჯესი ჯეიმზი რობინ ჰუდს იყო შედარებული და „მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა“, არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის და მისი ბანდა ნაძარცვს სხვას უნაწილებდა.[2]
ძმები ჯეიმზების ბანდა განსაკუთრებით აქტიური იყო დაახლოებით 1866 წლიდან 1876 წლამდე. 1876 წელს ბანდის მიერ ბანკის ძარცვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რამდენიმე წევრი კი ლიკვიდირებულ ან დაპატიმრებულ იქნა. კრიმინალურ საქმიანობას ისინი მომდევნო რამდენიმე წელსაც აგრძელებდნენ, თუმცა გაძლიერებული სამთავრობო კონტროლის გამო ნაკლებად აქტიურები იყვნენ. 1882 წლის 3 აპრილს ჯესი ჯეიმზი თავისივე ბანდის წევრმა, — რობერტ ფორდმა, — მოკლა. ამ მკვლელობით მას სახელმწიფო ჯილდოს მიღების იმედი ჰქონდა.