ჩინეთის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მაღალშემოსავლიანი განვითარებადი საბაზრო ეკონომიკაა,[1] რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ დაგეგმვას სამრეწველო პოლიტიკისა და ხუთწლიანი გეგმების მეშვეობით.[1] ეკონომიკა შედგება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და შერეულ საკუთრებაში მყოფი საწარმოებისგან, ისევე, როგორც ფართო შიდა კერძო სექტორისგან. ჩინეთის ეკონომიკა ღიაა უცხოური ბიზნესისთვის და ოფიციალურად სისტემა აღიწერება როგორც სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. ჩინეთი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. 2021 წელს ნომინალური მშპ 17.7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მთლიან შიდა პროდუქტს, ამ მაჩვენებლით ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს 2016 წლის შემდეგ.[2] 2021 წელს ჩინეთმა ევროპის კავშირის ეკონომიკას გადაუსწრო.[3] პროგნოზების თანახმად, 2028 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა უმსხვილესი ეკონომიკა იქნება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[4]
ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილესი სამრეწველო ეკონომიკა და საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორია.[5] იგი ასევე მსოფლიოს უსწრაფესად მზარდი სამომხმარებლო ბაზარი და საქონლის მეორე უმსხვილესი იმპორტიორია.[6] ჩინეთი არაერთი პროდუქტის უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოს მასშტაბით და ლითონების მოხმარების ნახევარზე მეტი სწორედ მასზე მოდის.[7] ჩინეთი უმსხვილესი მოვაჭრე სახელმწიფოა მსოფლიოში და მოწინავე როლს თამაშობს საერთაშორისო ვაჭრობაში.[8][9]
მსოფლიოს ათი ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრიდან ოთხი ცენტრი[10] და ათი უდიდესი საფონდო ბირჟიდან სამი ბირჟა (როგორც საბაზრო კაპიტალიზაციის, ისე ვაჭრობის მოცულობის მიხედვით) ჩინეთში მდებარეობს.[11]
ისტორიულად ჩინეთი ორი ათასწლეულის მანძილზე მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკას წარმოადგენდა I საუკუნიდან XIX საუკუნემდე.[12]
ჩინეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი მიმღებია მსოფლიოში. 2020 წელს ჩინეთმა 163 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო.[13] ჩინეთი მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოა.[14][15] 2018 წლისთვის ჩინეთი პირველ ადგილზე იყო მილიარდერთა რაოდენობით და მეორე ადგილზე იყო მილიონერთა რაოდენობით: ჩინეთის 658 მოქალაქე მილიარდერი იყო, ხოლო 3.5 მილიონი მოქალაქე ― მილიონერი. 2019 წელს Credit Suisse Group-ის მიერ ჩატარებული Global Wealth Report-ის მიხედვით ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო სიმდიდრის მაჩვენებლით. ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი უცხოური გაცვლითი რეზერვები აქვს, რომელთა ღირებულებაც 3.1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება,[16] თუმცა თუკი ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკების უცხოური აქტივები ჩაითვლება, ჩინეთის რეზერვები 4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.[17]
ჩინეთში უდიდესი სახელმწიფოა სამუშაო ძალის მიხედვით. 2020 წლისთვის ქვეყნის სამუშაო ძალა 778 მილიონ ადამიანს უდრიდა. 2020 წლის გლობალური ინვოაციური ინდექსის მიხედვით, ჩინეთი მე-11 ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით, მე-3 ადგილზეა აზიისა და ოკეანეთის რეგიონის მასშტაბით, ხოლო 100 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს შორის მე-2 ადგილს იკავებს.[18][19] პატენტების, სავაჭრო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და შემოქმედებითი საქონლის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კლასტერიდან 2 (შენჟენი-ჰონგ-კონგი-გუანჟოუ და პეკინი, შესბამისად მე-2 და მე-3 კლასტერები) ჩინეთში მდებარეობს.[18][20] 2022 წლის მარტისთვის ჩინეთში 500 მილიონი ადამიანი 5G-ის მომხმარებელია.[21][22]