ფასკუნჯი
ფრინველი შავარდნისნაირთა რიგის ქორისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ფასკუნჯი,[1] ყაჯირი,[2] ძერძერუკი[3] (ლათ. Neophron percnopterus) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60–70 სმ, ფრთების შლილი 155–180 სმ,[4] მასა 1,6–2,2 კგ.[5] ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი ბუმბულები, რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან,[4] გრძელი და ვიწრო ნისკარტი, რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია.[6] ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვერით.[4] ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად.[5] კეფასა და კისერზე გაბურძგნული ბუმბული აქვს.[7] ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა,[6] ღია ფერის სახითა და ნისკარტით.[4] ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს.[6] ფრენს ლივლივით, იშვიათად ფრთების ქნევით.[7] ხმა — წკრიალა რაკრაკი.[8] გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და შუა აზიაში, ინდოეთში;[5] საქართველოში გადამფრენი[4] და მობუდარია.[6][8] მთებში ადის ზღვის დონიდან 4500 მეტრამდე. ზამთარში ზომიერი განედებიდან მიგრირებს ტროპიკებში.[5] ბინადრობს სტეპის ლანდშაფტის მთებსა და მთისწინეთებში. ცხოვრობს მარტო ან ჯგუფებში.[8] უმთავრესად იკვებება მძორით, შეუძლია ძვლების, მყესების, ჩლიქების, ტყავის გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს ქვეწარმავლებსაც. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად.[5] ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში,[6] მიტოვებულ შენობებში, იშვიათად ხეებზე. ზოგჯერ ჰქმნიან რამდენიმე ათეული მობუდარი წყვილისაგან შემდგარ კოლონიებს.[5] აპრილში – მაისის დასაწყისში დებს 2 მოყვითალო-თეთრ კვერცხს მურა-წითელი ლაქებით.[8] კრუხობს ორივე მშობელი 40 დღის განმავლობაში. ბარტყების გამოკვება 85 დღე გრძელდება. სრულწლოვანებას მე-4–5 წელს აღწევენ, ცოცხლობენ 37 წლამდე. არეალის დიდ ნაწილში ჩვეული ფრინველია.[5] ევროპასა და საქართველოში იშვიათია, შეტანილია IUCN-ისა[9] და საქართველოს წითელ ნუსხებში.[10]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფასკუნჯი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ფასკუნჯი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Neophron percnopterus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 22695180 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლება მთელი წლის მანძილზე მიგრაციის მარშრუტები გამოზამთრება გამქრალი შესაძლო გამქრალი | |||||||||||||||
|