სულუს არქიპელაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სულუს არქიპელაგი ― კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ფილიპინების სამხრეთ-დასავლეთით. არქიპელაგი წარმოადგენს სულავესის ზღვის ჩრდილოეთ და სულუს ზღვის სამხრეთ საზღვარს. სულუს არქიპელაგის კუნძულები მინდანაოს კუნძულთა ჯგუფში შედის და მოიცავს ბასილანის, სულუსა და ტავი-ტავის პროვინციებს. სწორედ ამიტომ, არქიპელაგს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ბასულტა, რაც ამ სამი პროვინციის აკრონიმია.
ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ არქიპელაგი ბორნეოსა და ფილიპინებს შორის არსებული ხმელეთის ნარჩენებია, თუმცა სინამდვილეში იგი ოკეანის ფსკერის ტექტონიკური გადახრის შედეგად ამოწვერილი პატარა წყალქვეშა ქედების კიდეებია.[1][2] ბასილანი, ხოლო, ტავი-ტავი და ამ ჯგუფის სხვა კუნძულები უკიდურესი სამხრეთ ქედიდან ამოწვერილი ჩამქრალი ვულკანების კონუსებია. ტავი-ტავი, ჯგუფის ყველაზე სამხეთით მდებარე კუნძული, გველისებური ფუძე-კომპლექსური ბირთვს მქონე კუნძულია, რომელიც კირქვითაა დაფარული.[2] კუნძულთა ჯაჭვი ფრინველების მიგრაციის მნიშვნელოვანი მარშრუტია.
ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტები კუნძულ ხოლოზე მდებარეობს. წარსულში თალასოკრატიული სულუს სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა არქიპელაგის ჩრდილოეთით მდებარე დიდი კუნძული პალავანი, ზამბოანგის ნახევარკუნძულიდან დასავლეთით გაშლილი სანაპირო რეგიონი და კუნძულ ბორნეოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი.
არქიპელაგის აბორიგენ მოსახლეობას ტაუსუგები (სულუები) შეადგენენ. სულუზე ცხოვრობენ სამა-ბაჯოს სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები: ნახევრად ნომადი ბაჯოები და მკვიდრი სამები. არქიპელაგზე ასევე ცხოვრობენ იაკანები და იამა-მაპუნის ტომები. კუნძულებზე მშობლიური ან მეორე ენა ტაუსუგია (იგივე სულუ). იაკანურ ენაზე მეტწილად კუნძულ ბასილანზე საუბრობენ. ტავი-ტავის კუნძულთა ჯგუფიდან მაპუნის კუნძულთა ჯგუფამდე და მინდანაოს აღმოსავლეთ სანაპირომდე სინამის უამრავ დიალექტზე საუბრობენ.