სენკაკუს კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
სენკაკუს კუნძულები (იაპონ. 尖閣諸島; Senkaku-shotō) ― დაუსახლებელ კუნძულთა ჯგუფი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. შედის იაპონიის დაქვემდებარებაში. კუნძულები ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩინეთის აღმოსავლეთით, კუნძულ ოკინავის დასავლეთით და რიუკიუს კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ბოლოდან ჩრდილოეთით მდებარეობს. კონტინენტურ ჩინეთში სენკაკუს კუნძულებს დიაოიუს კუნძულები ან დიაოიუ-დაო და მასთან დაკავშირებული კუნძულები ეწოდება (ჩინ.: 钓鱼岛及其附属岛屿),[1] ხოლო ტაივანში ― დიაოიუტაის კუნძულები ან ტიაოიუტაის კუნძულები.[2][3][4][5][6][7]
კუნძულები იაპონიასა და ჩინეთს და იაპონიასა და ტაივანს შორის სადავო ტერიტორიებს წარმოადგენს. XIV საუკუნეში კუნძულების აღმოჩენასა და მფლობელობაზე ჩინეთი აპელირებს, ხოლო იაპონია სენკაკუს კუნძულებზე მფლობელობას 1895 წლიდან ინარჩუნებდა მეორე მსოლფიო ომამდე. 1945-1972 წლებში კუნძულები აშშ-ის რიუკიუს კუნძულების სამოქალაქო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო, რის შემდეგაც კუნძულები იაპონიას დაუბრუნდა აშშ-სა და იაპონიას შორის ოკინავის დაბრუნების შეთანხმების საფუძველზე. 1968 წელს პოტენციული წყალქვეშა ნავთობის რეზერვების აღმოჩენამ კუნძულთა შესახებ სადავო ინტერესები კიდევ უფრო გააცხოველა.[8][9][10][11][12] მიუხედავად ჩინეთსა და ტაივანს შორის კომპლექსური ურთიერთობებისა, ორივე მთავრობა თანხმდება, რომ სენკაკუს კუნძულები ტაივანის ნაწილია და ილანის ოლქს მიეკუთვნება. იაპონიის დაქვემდებარებაში სენკაკუს კუნძულები ქალაქ იშიგაკისა და ოკინავის პრეფექტურაში შედის. იაპონია კუნძულებზე ჩინეთისა და ტაივანის განცხადებებს არ ცნობს, თუმცა იშგაკის ადმინისტრაციას კუნძულების განვითარების ნებას არ აძლევს.