ჟოზე სარამაგუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟოზე დე სოუზა სარამაგუ (პორტ. José de Sousa Saramago; დ. 16 ნოემბერი, 1922 — გ. 18 ივნისი, 2010) — პორტუგალიელი ნობელიანტი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი. მისი ნამუშევრები ძირითადად ისტორიული მოვლენების სახეცვლილი პერსპექტივებია ხაზგასმული ადამიანური ფაქტორითა და ალეგორიული ქვეკონტექსტებით.
1998 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. ის პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი გახდა, ვისაც ეს უმაღლესი ლიტერატურული აღიარება ხვდა წილად. აღსანიშნავია ქართველებისთვის ერთ საინტერესო ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ნობელის კომიტეტი „დამარცხებული ნომინანტების“ ვინაობას 50 წლის შემდეგ ასაჯაროებს ხოლმე, მაინც ცნობილია, რომ სარამაგუს მთავარი კონკურნტი ოთარ ჭილაძე იყო. ჟოზე სარამაგუ გარდაიცვალა ლანზაროტში, კანარის კუნძულები, ესპანეთი. სარამაგუ პორტუგალიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო 1969 წლიდან, ასევე ათეისტი და, როგორც თავად უწოდებდა საკუთარ თავს, პესიმისტი ფრიად წინააღმდეგობრივი მსოფლმხედველობით — მის შეხედულებებს ხშირად გამოუწვევია მწვავე რეაქცია პორტუგალიის საზოგადოებაში, განსაკუთრებით ნაწარმოების „სახარება იესო ქრისტეს მიხედვით“ გამოქვეყნების შემდეგ.
სარამაგუს რომანებში ხშირად აღწერილია წარმოუდგენელი ისტორიული სიტუაციები, მაგ. მის 1986 წლის რომანში „ქვის ტივი“ იბერიის ნახევარკუნძული მოსწყდება ევროპას და იწყებს მოგზაურობას ატლანტის გარშემო. 1995 წლის რომანში „სიბრმავე“ მთელ უსახელო ქვეყანას უცნობი ჭირი, ანუ „თეთრი სიბრმავე“ შეეყრება, რომელიც სხვა ადამიანებზე შეხედვით ვრცელდება და ასე ნელ-ნელა მთელი ქვეყანა ბრმავდება. მის 1984 წლის რომანში „რიკარდო რეისის სიკვდილის წელიწადი“ ფერნანდო პესოას ჰეტერონიმი ცოცხლობს პოეტის სიკვდილიდან ერთი წლის განმავლობაში.
სარამაგუს, როგორც ავტორის, უდიდესი ღირსება თანამედროვე ქალაქში მცხოვრებ მარტოსულ ადამიანთა მდგომარეობის თანაგრძნობაა. მისი გმირები ცდილობენ ერთმანეთი მოძებნონ, ურთიერთობა დაამყარონ, შექმნან სოციუმი, იყვნენ ინდივიდუალურნი, იპოვონ არსებობის აზრი.