მეიფლაუერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მეიფლაუერი (ინგლ. Mayflower, სიტყვასიტყვით „მაისის ყვავილი“, კუნელი) — განთქმული თევზსარეწი იალქნიანი ინგლისური ხომალდი, რომელმაც ინგლისელი პურიტანები, ანუ პილიგრიმები, პლიმუთიდან (ინგლისი) ახალ მსოფლიოში (დღევანდელი მასაჩუსეტსი) ჩაიყვანა 1620 წელს.[1] გემზე დაახლოებით 102 მგზავრი და გემის ეკიპაჟის 30 წევრი იყო, მაგრამ მგზავრთა ზუსტი რიცხვი უცნობია. იყო მეორე გემიც იგივე სახელწოდებით, რომელმაც ლონდონსა და ახალ პლიმუთს შორის რამდენიმე რეისი შეასრულა.
ხომალდმა ინგლისი 6 სექტემბერს (ძველი სტილით) დატოვა და 66-დღიანი მგზავრობის შემდეგ, ღუზა 11 ნოემბერს კეიპ-კოდის ყურეში ჩაუშვა. თავდაპირველად ხომალდმა მიმართულება მდინარე ჰუდსონზე აიღო, დღევანდელი ნიუ-იორკის მახლობლად, თუმცა მოახლოებული ზამთრის გამო ხომალდი კეიპ-კოდში გაჩერდა.
21 მარტს ყველა გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ზამთარს ხომალდზე აფარებდა თავს, პლიმუთის სანაპიროზე გადმოსხლდა, ხოლო 15 მაისს მეიფლაუერი უკან ინგლისში დაბრუნდა. 1623 წელს, კაპიტანი ქრისტოფერ ჯოუნსის გარდაცვალებიდან ერთ წელიდადში, ხომალდი, სავარაუდოდ, ჯართისთვის დაშალეს როთერჰითში, ინგლისი.
მეიფლაუერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის ისტორიაში, როგორც მომავალი აშშ-ის ადრეული ევროპული კოლონიზაციის სიმბოლოს. ინგლისის ეკლესიისა და მთავრობის ჩაგვრის გამო, რელიგიურ სეპარატისტთა მცირე ჯგუფს, რომლებიც გემის მგზავრთა თითქმის ნახევარს შეადგენდნენ, სურდათ ამ ჩაგვრისგან განთავისუფლება. რელიგიური თავისუფლების ეს სიმბოლო აშშ-ის ისტორიას ნათელ წერტილად მოჰყვება და ნებისმიერი ამერიკული ისტორიის სახელმძღვანელოს ქვაკუთხედია.
ამერიკელებს, რომელთა ფესვები ახალ ინგლისთან არის დაკავშირებული, ხშირად სჯერათ, რომ ისინი მეიფლაუერის მგზავრთა შთამომავლები არიან. მეიფლაუერის მოგზაურობისა და პლიმუთის კოლონიის დაარსების შესახებ ძირითადი ცნობები უილიამ ბრედფორდს ეკუთვნის, რომელიც ამ კოლონიის წინამძღოლი და მოგვიანებით მისი მმართველი იყო.